მსოფლიო
10/02/2023

თურქეთსა და სირიაში დანგრეული შენობების დიდი ნაწილი დაზღვეული არ იყო - Fitch-ის შეფასება

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგად დამდგარი სადაზღვევო ზარალი 2-დან 4 მილიარდ დოლარამდე და შესაძლოა მეტიც იყოს. ამის შესახებ სააგენტო Fitch-ი წერს. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ყველა შენობა არაა დაზღვეული.

„პირველ რიგში, ესაა ადამიანური ტრაგედია, რომელმაც რამდენიმე ათასი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია და საცხოვრებლის გარეშე დატოვა ასობით ათასი მოქალაქე. რთულია სადაზღვევო ზარალის შეფასება, რადგან სიტუაცია განვითარებას განაგრძობს, თუმცა ზარალი, სავარაუდოდ, 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს და შესაძლოა 4 და მეტ მილიარდ დოლარსაც მიაღწიოს. თუმცა დაზღვეული ზარალი შესაძლოა ბევრად ნაკლები იყოს - დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი, რაც დაზარალებულ რეგიონებში დაბალ სადაზღვევო მოცვას უკავშრდება,“ - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ზარალის დიდ ნაწილს გადამზღვევი კომპანიები აანაზღაურებენ, თუმცა ჯამური თანხა გადაზღვევის გლობალური ბაზრისთვის არ იქნება დიდი და მას ნეგატიური შედეგების მოტანის რისკს არ უქმნის.

თურქეთში კატასტროფების დაზღვევის ფონდი 1999 წელს, იზმითის მიწისძვრის შემდეგ შეიქმნა და მიზი მიზანია,  აანაზღაუროს სახლებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მიწისძვრით მიყენებული ზარალი. თუმცა ის არ ვრცელდება ადამიანურ დანაკარგზე, ასევე არ ითვალისწინებს ისეთ ირიბ ზარალს, როგორიცაა საქმიანობის შეწყვეტა. გარდა ამისა, მიწისძვრისგან დაზღვევა თურქეთში, მართალია, ტექნიკურად სავალდებულოა, თუმცა ძალიან ხშირად ეს ვალდებულება არ მუშაობს.

შედეგად, ბევრი საცხოვრებელი სახლი დაზღვეული არ არის, განსაკუთრებით დაზარალებული რაიონების დიდ ნაწილში, სადაც ოჯახებს დაბალი შემოსავლები აქვთ.

სააგენტოს განცხადების თანახმად, თურქეთში მიწისძვრის დაზღვევის რისკები ძირითადად სტამბოლით შემოიფარგლება.

Fitch-ი მიუთითებს, რომ, სავარაუდოდ, ასეთივე დაბალი იქნება სადაზღვევო მოცვა სირიაშიც, განსაკუთრებით - სამოქალაქო ომის ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით.