მსოფლიო
24/03/2023

წელს თურქეთი სამედიცინო ტურიზმიდან შემოსავლების 30%-იან ზრდას ელოდება

წელს თურქეთი სამედიცინო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების და უცხოეთიდან შესული პაციენტების რაოდენობის 25-30%-იან ზრდას პროგნოზირებს. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის ფედერაციის ხელმძღვანელის თევფიქ იაზანის განცხადებით, სამედიცინო ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატივა თირქეთში ტურისტების მოზიდვისთვის.

მისივე თქმით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ნეგატიური ტენდენციისა, უცხოელების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანას მკურნალობის მიზნით სტუმრობენ, იზრდება.

იაზანის განცხადებით, 2021 წელს თურქეთს სამედიცინო ტურიზმის მიზნით 670 ათასი ადამიანი ესტუმრა, რომლებმაც ქვეყანას 1,7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანეს. 2022 წლის მონაცემებით კი ამ კატეგორიის ტურისტების რიცხვმა 1,28 მილიონს, შემოსავლებმა კი 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მაღალჩინოსნის თქმით, ეკონომიკური პრობლემებისა და სტიქიური უბედურებების მიუხედავად, თურქეთში სამედიცინო ტურიზმი სტაბილურად ვითარდება, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყანა უცხოელ პაციენტებს გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებასა და დაბალ ფასებს სთავაზობს.

მისი განცხადებით, თურქეთი შედის მსოფლიო ლიდერთა სამეულში ქირურგიის, უშვილობის მკურნალობის, ინვიტრო განაყოფიერების, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის, ესთეტიკური ოპერაციების, სტომატოლოგიისა და თმის გადანერგვის მიმართულებებში.

„ჩვენ გვაქვს დამატებითი უპირატესობები. მაგალითად, პაციენტები და მათი ახლობლები მკურნალობის პარალელურად იღებენ დამატებით ტურისტულ მომსახურებებს. ზღვა, მზე, ისტორიული და კულტურული ძეგლები, მდიდარი სამზარეულო - ეს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია,“ - განაცხადა მან.