მსოფლიო
02/11/2021

ტყეების გაჩეხვის შეჩერება - რაზე შეთანხმდნენ გლაზგოს კლიმატური სამიტზე

გლაზგოში მიმდინარე კლიმატურ სამიტზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა, - დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი და ეს იქნება გაერო-ს კლიმატური სამიტის პირველი მნიშვნელოვანი შეთანხმება.

BBC აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ხელმომწერებს შორის იქნება ბრაზილია, სადაც ამაზონის ტროპიკული ტყის დიდი ტერიტორიები გაჩეხილია. შეთანხმება მოიცავს 19 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

მიღწეულ შეთანხმებას ეკოლოგები და ეკოაქტივისტები მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ 2014 წელს დადებულ ანალოგიურ შეთანხმებას ტყის გაჩეხვის პროცესი არ შეუნელებია და მნიშვნელოვანია ამ კუთხით ვალდებულებების შესრულება.

იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ტყეების გაჩეხვის შეჩერების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, მსოფლიოს ტყის მასივის დაახლოებით 85% მოდის. მათ შორის არიან კანადა, ბრაზილია, რუსეთი და ინდონეზია.

გათვალისწინებული თანხის ნაწილი განვითარებად ქვეყნებს მოხმარდება ტყეების აღსადგენად, ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად და მკვიდრი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

ამასთან, გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე მსოფლიოს 30-მა უმსხვილესმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, შეწყვიტოს ინვესტიციები ისეთ საქმიანობაში, რომელიც ტყის ჩეხვას უკავშირდება.

Businesspartner