შავი ნავთობი "მწვანე ზონაში" - ფასმა 83 დოლარს გადააჭარბა
პირველად 2018 წლის შემდეგ ნავთობის ფასი 83 დოლარს გადასცდა. დღეს დილიდან ლონდონის ბირჟაზე ბრენტის ტიპის ნავთობი კვლავ მწვანე ზონაში ივაჭრება. წლის დასაწყისიდან ნავთობი 58%-ით არის გაძვირებული.
2014 წლის შემდეგ ასევე მაქსიმალურ ნიშნულზეა დასავლეთ ტეხასური ნავთობის ღირებულებაც - რაც ბარელზე 78 დოლარს აღემატება.
ნავთობის გაძვირების ახალი მასტიმულირებელი OPEC+-ის ქვეყნების გადაწყვეტილება გახდა - კარტელი არ აპირებს, შეცვალოს გეგმა და ყოველთვიურ მოპოვებას 400 ათას ბარელზე მეტად არ გაზრდის.
ნავთობმომპოვებელი ქვეყნები ფიქრობენ, რომ მიწოდებაში დღეს არსებულ დისბალანსს მეოთხე კვარტალში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება დააბალანსებს.
ნავთობტრეიდერი, კომპანია Vitol-ი ფიქრობს, რომ უახლოეს თვეებში ნავთობის ფასს სწორედ OPEC+-ის პოლიტიკა განსაზღვრავს, რადგან შანსი ბაზარს ირანული ნავთობი დაუბრუნდეს, ძალიან დაბალია. ამერიკელი ფიქალის ნავთობის მწარმოებლები კი, მოპოვების სწრაფი გაზრდისთვის საკმარის ფინანსურ რესურსს ვერ ჩადებენ.