რუსეთის დერეფანში გამავალმა ტვირთებმა შესაძლოა, საქართველოს კორიდორში გადმოინაცვლოს
რუსეთის სატრანზიტო დერეფანში გამავალმა ჩინეთ-ევროპულმა ტვირთებმა შესაძლოა, საქართველოს დერეფანში გადმოინაცვლოს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის“ თავმჯდომარე გოგა დობორჯგინიძემ განუცხადა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, გადახდების განხორციელება პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება, ხოლო რუსული დერეფანი ტვირთების გადასაზიდად სანდოობას კარგავს.
„რუსეთის დერეფანი ხდება არასანდო, განსაკუთრებით, ჩინეთი-ევროპის ტვირთებისთვის. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ტვირთმფლობელები დაიწყებენ ალტერნატიული კორიდორის ძიებას და არამარტო ძიებას, არამედ, აუცილებლად დაიწყება მიწოდებების დივერსიფიკაცია სხვა ალეტრნატიული კორიდორებით. კავკასიის და საქართველოს დერეფანი ამ შემთხვევაში, წარმოადგენს კარგ ალტერნატივას. ჩინეთი-ევროპის ვაჭრობის ნაწილის გატარებით, მოსალოდნელია, რომ ჩვენი სატრანზიტო კორიდორით აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა გაიზრდება. აქ საჭიროა ძალისხმევა, როგორც კერძო ოპერატორების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების, ასევე, შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა ის პირობა, რაც საშუალებას მისცემს კომპანიებს ტვირთები შეუფერხებლად გაატარონ“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ გოგა დობორჯგინიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს სატრანზიტო დერეფანში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით პრობლემა არ დგას, რადგან პანდემიის გამო, ტვირთნაკადები ისედაც შემცირებული იყო.
„ეს დამოკიდებული იქნება, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისი, ასევე იმაზე, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია იქნება მოკლე თუ საშუალოვადიანი რეაქცია კრიზისზე. შესაძლებელია, იმაზეც ვიფიქროთ, რომ საქართველოს სატრანზიტო კორიდორმა სამომავლოდაც დაიმკვიდროს თავი ან გაზარდოს კონკურენტუნარიანობა და მინიმუმ პოზიციონირდეს, როგორც ალტერნატიული კორიდორი რეგიონულ ვაჭრობაში“ - აცხადებს გოგა დობირჯგინიძე.