რუსეთი ლიზინგით აღებული ავიახომალდების დაბრუნებას არ აპირებს
რუსეთში იპოვეს გზა, როგორ დაიტოვონ ქვეყანაში ლიზინგით აღებული ავიახომალდები.
რუსული სააგენტო Lenta.ru-ს ინფორმაციით, ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრომ შეიმუშავა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, თვითმფრინავის დაბრუნებისთვის საჭიროა იმპორტის ჩანაცვლების სპეციალური სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილება.
თუ უწყება გადაწყვეტილებას არ მიიღებს ავიაკომპანიას ლიზინგით აღებული ბორტის დატოვება შეეძლება.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ ავიახომალდების მესაკუთრეებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთის მიმართ „არამეგობრულ ქმედებებს“ სჩადიან, ანგარისწორება რუსულ რუბლში შეეძლებათ.
Bloomberg-ის მონაცემებით, უცხოურმა სალიზინგო ფირმებმა რუსული ავიაკომპანიებისთვის მიქირავებული 500-ზე მეტი თვითმფრინავიდან მხოლოდ 20-მდე ხომალდის დაბრუნება მოახერხეს. საავიაციო ანალიტიკური ფირმის, Ishka-ს შეფასებით, ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი თვითმფრინავების საბაზრო ღირებულება $10,3 მილიარდია.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, Boeing-მა რუსული ავიახაზების თვითმფრინავების მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა შეაჩერა.
თვითმფრინავის მწარმოებელმა ასევე შეაჩერა სათადარიგო ნაწილების მიწოდება რუსეთში. გარდა ამისა, მოსკოვში Boeing-ის შვილობილის მუშაობაც შეჩერებულია.