მსოფლიო
16/08/2023

როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს "გონების წაკითხვა"?

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი გონების წაკითხვა? - სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია.

მკვლევარები ახლა ექსპერიმენტს ატარებენ - ხელოვნური ინტელექტის კვლევის მონაწილე ლი რუილინი ერთ-ერთია 58 მონაწილედან, რომელიც MRI აპარატში ტვინის სკანირებას დათანხმდა - ეს საშუალებას აძლევს  კომპიუტერს „წაიკითხოს“ მისი აზრები და ხელახლა შექმნას ვიზუალი, რომელსაც ის უყურებს.

"მე მაინტერესებს რა მოხდა ჩემს ტვინში და რას შეუძლია გამოხატოს ის, თუ რაზე ვფიქრობ. ამიტომ, ვცდილობ მონაწილეობა მივიღო კვლევაში და დავინახო, რა მოხდა სინამდვილეში ჩემს ტვინში“ - ამბობს მონაწილე.

მკვლევარები გონების კითხვის ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობენ. ტექნოლოგია ეყრდნობა მოხალისეების ტვინის სკანირებას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის MRI - აპარატში, სადაც მათ 160 000 სხვადასხვა სურათს უჩვენებენ.

ამის შემდეგ, გონების კითხვის AI, სახელად MinD-Vis, აკავშირებს ტვინის სკანირების მონაცემებს სურათებთან და ქმნის ინდივიდუალურ AI მოდელს თითოეული მონაწილისთვის.

„მონაწილეებს ვაჩვენებთ სხვადასხვა სურათებს და ვაკვირდებით როგორ რეაგირებს ტვინი ამა თუ იმ სტიმულზე. მას შემდეგ რაც ჩვენ შევაგროვებთ საკმარის მონაცემებს ამა თუ იმ გონებაზე, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ინდივიდუალური ხელოვნური ინტელექტის მოდელი და ეს AI მოდელი არის ერთგვარი მთარგმნელი. მას შეუძლია გაიგოს თქვენი ტვინის აქტივობები ისევე, როგორც ChatGPT ესმის ადამიანების ბუნებრივი ენების" - ამბობს ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი იაშინ ჩინგი.

„გონების კითხვა“ იწყება მაშინ, როდესაც იგივე მონაწილე განმეორებით შედის ტვინის სკანირებისთვის.

„როდესაც მეორედ გაკეთდება ერთი მონაწილის სკანირება და ისინი კვლავ ნახავენ ვიზუალურ მასალას, ტვინის აქტივობები გადადის ჩვენს AI მთარგმნელში. ეს თარჯიმანი გადათარგმნის ტვინის აქტივობებს სპეციალურ ენაზე და შემდეგ წარმოქმნის სურათებს, რომლებსაც მონაწილე ხედავს. ასე რომ, ძირითადად, ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ რა ხდება გონებაში ამ დროს“- განმარტავს მკვლევარი.

ტექნოლოგიას ფართო საზოგადოების აზრების წაკითხვა ჯერ კიდევ არ შეუძლია. სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმების სცენებისგან განსხვავებით, ეს AI სისტემა ინდივიდუალური მონაწილეებისთვისაა მოდელირებული.

თუმცა, არსებობს რისკები, რომელიც მონაცემთა კომფიდენციალობას უკავშირდება. გამოწვევაა AI კვლევებში კანონმდებლობის არარსებობაც.

„კონფიდენციალურობის საკითხები უმნიშვნელოვანესია. ხალხი შეიძლება შეშფოთდეს - შეგვეძლება თუ არა მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება წინასწარი თანხმობის გარეშე. ასე რომ, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი მითითებები, ეთიკური ჩარჩო და კანონი - პირობები, თუ როგორ დავიცვათ კონფიდენციალურობა"- ამბობს NUS Medicine-ის ასოცირებული პროფესორი ხუან ჰელენ ჟოუ.

თუმცა, მეცნიერები აღფრთოვანებულნი არიან გონების კითხვის ხელოვნური ინტელექტის სისტემის შესაძლებლობებით.

ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი ჩენ ზიჟიაო განმარტავს:

"ვთქვათ, ზოგიერთ პაციენტს, რომელიც ავტომობილის მართვის უნარის არმქონეა და აქვს ხელოვნური კიდურები - იქნებ დავეხმაროთ მას რომ თავისი ფიქრების საშუალებით მართოს ავტომობილი ან თუნდაც, გამოყენოს ტელეფონი. ეს იგივეა, რაც სხვებთან კომუნიკაცია, თუმცა, ეს კომუნიკაცია მეტყველების ნაცვლად, მოხდება აზრების დახმარებით“.