როგორ მოიზიდა პოლონეთმა Intel-ის მრავალმილიარდიანი ინვესტიცია
პოლონეთის სიდიდით მესამე ქალაქმა - ვროცლავმა კონკურენტებს აჯობა - აქ, ევროპაში Intel-ის შემდეგი, მრავალმილიარდიანი ჩიპების ქარხანა აშანდება. მანამდე კი, წინ ორწლიანი პერიოდია, რომელიც ქვეყანას სუბსიდიებს, ახალ ინფრასტრუქტურას, ახალი ცოდნის გაჩენას და ამერიკული ცხოვრების ნაწილად ქცევას ჰპირდება.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლების და კომპანიის აღმასრულებლებთან ინტერვიუებით ირკვევა - თუ როგორ მოახერხა ქვეყანამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მოპოვება.
პოლონეთმა Intel-ის დაინტერსება 2021 წლის ივლისში დაიწყო - მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ კომპანიის მენეჯმენტს.
ვროცლავის განვითარების ხელშემწყობი სააგენტოს გუნდმა Intel-ისთვის სპეციალური პრეზენტაცია შეადგინა, სადაც მოცემული იყო დეტალური ინფორმაცია ქალაქის ცხოვრების ხარისხის, საოჯახო ობიექტების, სკოლების, ველოსიპედის ზოლების, საცურაო აუზების და ეკონომიკური და დემოგრაფიული მონაცემების შესახებ.
„პოლონეთი „უფრო მშიერი“ იყო, ვიდრე მისი კონკურენტები Intel-ისთვის ოპერირების ადგილის შეთავაზებაში“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინგერმა თავის განცხადებაში, რომელიც ახალ ქარხანაში $4.6 მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელებას ეხება.
Intel-ის ჩიპების ქარხანა ვროცლავში ორ მუნიციპალიტეტს შორის - მიეკინიასა და სროდა სლასკას შორის აშენდება. სროდა სლასკას მერი Reuters-თან აცხადებს, რომ რეგიონი ინვესტიციას განახორციელებს ქარხნისკენ მიმავალი ახალი გზების, ელექტრო ავტობუსების, წყლის გამწმენდი ნაგებობისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაში.
მისივე თქმით, Intel-ს უფლება მიეცა ააშენოს 50 მეტრიანი შენობები, რაც არსებულ სამშენებლო შეზღუდვაზე 20 მეტრით მეტია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი კი ამბობს, რომ ქარხანა იმოქმედებს "მაგნიტივით" - მოიზიდავს მეტ ინვესტიციას და ხელს შეუწყობს ინოვაციებს პოლონეთის ტექნოლოგიურ სექტორში.
აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნები ჩიპებისა და ნახევარგამტარების ქარხნების ასაშენებლად ტექნოლოგიურ კომპანიებს მილიარდობით ევროს სუბსიდიებს სთავაზობენ. მიზანი ნახევარგამტარების დეფიციტის პირობებში, აზიაზე დამოკიდებულების შემცირებაა.
ნახევარგამტარების გლობალურმა დეფიციტმა გავლენა ყველაფრის წარმოებაზე მოახდინა - ზოგიერთი მობილური ტელეფონისა და ელექტრომობილების წარმოება შეფერხებულია. დეფიციტი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში კვლავ შენარჩუნდება. ევროპარლამენტის თანახმად, ჩიპების დამზადებასა და ახალი ქარხნის აშენებას ორი-სამი წელი დასჭირდება.