მსოფლიო
28/12/2020

რემაქს კაპიტალი: ბრენდული მაღაზიების ნაცვლად, სასურსათო მაღაზიები იხსნება

2020 წელს უძრავი ქონების ბაზარს „ბიზნესპარტნიორთან“ „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი აჯამებს. მისი ინფორმაციით, პანდემიის გამო სექტორი საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

„2008 წლის ომის და კრიზისის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე იყო ყოველწლიური აღმასვლა, რაც პანდემიის გამო შეჩერდა და იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც გვქონდა 2008 წელს. ახლა ბაზარს განსხვავებული რეაგირება ჰქონდა, ვინაიდან ეს იყო პანდემია და მსხვილი მასშტაბის კრიზისი,“-აცხადებს მარიამ ასათიანი.

მისი განმარტებით, საცხოვრებელ სეგმენტში პირველი ლოკდაუნის დროს პრაქტიკულად შეჩერდა ტრანზაქციები, რადგან არ მუშაობდა საჯარო რეესტრიც და ტექნიკურად შეუძლებელი იყო ქონების რეგისტრაცია. ლოქდაუნის დასრულების შემდეგ, ბაზარმა დაიწყო აღდგენა და დაახლოებით 70%-იან ნიშნულს მიუახლოვდა.

ასათიანი აცხადებს, რომ ახლა ზრდის  ტენდენცია სავარაუდოდ, შეჩერებული იქნება.

როგორც ასათიანი განმარტავს, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური სესხების სუბსიდირების შესახებ, რომელმაც ეკონომ სეგმენტის ბინების გაყიდვა წინა წელთან შედარებით გაზარდა.

„საშუალო და პრემიალური სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა მაინც შემცირდა. ზრდა იყო მხოლოდ ეკონომ სეგმენტის ნაწილში, სადაც 11%-იანი ზრდაა. ეს კი მოხდა სუბსიდირების ხარჯზე, რომელიც თუ არ გაგრძელდა,  მომავალ წელს ზრდა არ გვექნება,“ - აცხადებს მარიამ ასათიანი.

რაც შეეხება საოფისე სეგმენტს, „რემაქს კაპიტალის“  დამფუძნებელი განმარტავს, რომ  ამ შემთხვევაში ისედაც მოსალოდნელი იყო ფასების კლება, რადგან ბაზარზე ხდებოდა ჭარბი საოფისე ფართის მიწოდება, განსაკუთრებით ვაკეში, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ბიზნეს ცენტრი იხსნებოდა. ბუნებრივია, როდესაც ასეთი კონკურენციაა, ეს ფასებზე მოქმედებს.

„ამ სიტუაციის გამო, როდესაც კომპანიების უდიდესი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და დიდი ფართები აღარ იყო საჭირო, ბევრმა კომპანიამ გადაწყვიტა შედარებით მცირე ზომის ოფისში გადასვლა. მომავლისთვის ყველაზე დიდ ცვლილებებს ველოდებით საოფისე ფართების მიმართულებით, ვინაიდან გადახედვა მიდის პრიორიტეტების კომპანიების მხრიდან. მსხვილმა ბიზნეს ცენტრებმა ფასები ჯერ ოფიციალურად არ დაწიეს მაგრამ თავიანთი დამქირავებლების შენარჩუნების მიზნით მოუწიათ დათმობებზე წასვლა,“ - აცხადებს მარიამ ასათიანი.

„რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი კომერციული ფართების სეგმენტსაც აფასებს და აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ვაკანტურობა ცენტრალურ გამზირებზეა, სადაც უფრო მაღალი იყო იჯარის ფასი.

„კომპანიებს და მაღაზიებს აღარ შეეძლოთ გაზრდილი ფასის გადახდა, ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას და ასეთი შედეგი გვაქვს ბრენდული მაღაზიები ტოვებენ ცენტრალურ გამზირებს და მათ ადგილს იკავებს ისეთი ობიექტები, რომელზე მოთხოვნაც პანდემიის დროს კვლავ არის, საუბარია სასურსათო და პირველადი მოთხოვნის მაღაზიებზე,“ - აცხადებს მარიამ ასათიანი.

 

Businesspartner