მსოფლიო
03/07/2020

N700S - ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი, რომელიც მიწისძვრის დროსაც მოძრაობს

იაპონიაში ახალი ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი გამოჩნდა, რომელსაც მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაში შეუძლია.

CNN-ის ცნობით, იაპონიის უახლესი, სამგზავრო მატარებელი არა მხოლოდ რეკორდულად ჩქარი და მოქნილია, არამედ მას ასევე მიწისძვრის დროს მგზავრების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაც შეუძლია.

უმაღლესი ხარისხის N700S ექსპლუატაციაში 1 ივლისს გაეშვა და ემსახურება Tokaido Shinkansen-ის ხაზს, რომელიც ოსაკაში, ტოკიოსა და შინ-ოსაკას სადგურებს აერთიანებს.

N700S-ს 360 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2019 წლის ტესტირების შემდეგ. N700S-ს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებლის სახელს ანიჭებს. თუმცა მატარებლის საშუალო სიჩქარე 285 კმ/სთ-მდე იქნება შეზღუდული.

ეს 13 წლის განმავლობაში პირველი ჩქაროსნული მატარებლის მოდელია, რომელსაც იაპონიის ცენტრალური რკინიგზა ტოკაიდოს ჩქაროსნული მატარებლების (Tokaido Shinkansen) ხაზს დაამატებს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ჩაშვების თარიღი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადას დაემთხვეოდა, მაგრამ 2021 წლამდე გადაიდო.

N700S-ს ელეგანტური ოქროსფერი ლოგოს გარდა, დიდად არ განსხვავდება ძველი მოდელებისგან (N700; N700A). რაც შეეხება ინტერიერს, ახალი დიზაინი მგზავრებს საშუალებას აძლევს სავარძელში უფრო კომფორტულად მოთავსდნენ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობისას. თითოეულ სავარძელს აქვს ინდივიდუალური დენის წყაროც. შიდა განათება დამამშვიდებელ ატმოსფეროს ქმნის.

ამასთან, ყოველ გაჩერებაზე განათდება ბარგის თაროებიც, რათა მგზავრებს თავიანთი ნივთების შესახებ შეახსენოს. მოდელს ასევე დამატებული აქვს უფრო მეტი ადგილი ბარგის შესანახად, რომლებიც მხოლოდ დაჯავშნას ექვემდებარება. თავად მგზავრობა კი ახალი, აქტიური ამორტიზაციის სისტემის ხარჯზე, რომელიც მატარებლის მოძრაობას ახშობს, ბევრად უფრო მშვიდი და მოქნილი იქნება. მატარებელს აქვს განახლებული ავტომატური კონტროლისა და დამუხრუჭების სისტემა, რაც საშუალებას აძლევს მას სწრაფად შეჩერდეს საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.

მატარებელი აღჭურვილია მსოფლიოში პირველი, ლითიუმის იონის ბატარეების თვითმოძრავი სისტემით. სისტემა საშუალებას აძლევს მატარებელს ენერგიის მიწოდების გარეშე გადაადგილდეს - მიაღწიოს უსაფრთხო ადგილამდე მიწისძვრის დროს ხიდზე ან გვირაბში ყოფნის შემთხვევაში.