მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად Louis Vuitton-ის მფლობელი დასახელდა
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Louis Vuitton-ის მფლობელმა ილონ მასკს გადაუსწრო. 74 წლს ბერნარ არნოს ქონება Forbes-მა 211 მილიარდ დოლარად შეაფასა, მეორე ადგილზე ილონ მასკია, მესამეზე კი ჯოზეფ ბეზოსი. რეიტინგის ტოპ-5-ეულში აღარაა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების Forbes-ის რეიტინგის თანახმად, LVMH-ის ჯგუფის მფლობელი ამ რეიტინგის არსებობის ისტორიაში მის სათავეში პირველად მოექცა. Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ახლა კი სოცქსელ Twitter-ის მესაკუთრეც ილონ მასკი რეიტინგის მეორე ადგილზეა 180-მილიარდიანი ქონებით.
რაც შეეხება მესამე პოზიციაზე მყოფ ჯოზეფ ბეზოსს, რომელიც Amazon-ის დამფუძნებელია, მისი ქონება ავტორიტეტულმა გამოცემამ 114 მილიარდ დოლარად შეაფასა.
მეოთხე ადგილზე Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონია, რომლის ქონებაც Forbes-მა 107 მილიარდ დოლარად შეაფასა. მეხუთეა Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი, ცნობილი ინვესტორი უორენ ბაფეტი 106 მილიარდიანი ქონებით.
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 18 წლის იტალიელი კლემენტე დელ ვეკოა, რომელმაც ქონება მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. მისი მამა კი სათვალის მწარმოებელი კომპანია Luxottica-ს (ბრენდები Ray Ban და Oakley )დამფუძნებელი იყო. 18 წლის მილიარდერის ქონება 3,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.