მსოფლიო
08/09/2022

მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელ ქვეყნად იაპონია დასახელდა

ბრიტანული პლატფორმის Money.co.uk-ის ანალიტიკოსებმა დაასახელეს მსოფლიოს 10 ტოპ-ქვეყანა, რომელთა მოსახლეობაც ყველაზე მეტად ეწევა ცხოვრების ჯანსაღ წესს.

რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა გაითვალისწინეს ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში და სხვა. ასევე მკვლევარებმა გააანალიზეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ჭარბი წონის დონე და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. რეიტინგის სათავეში იაპონიაა.

ექსპერტების მონაცემებით, ქვეყანაში კარგადაა განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ტრანსპორტი მოსახლეობის მცირე რაოდენობას ჰყავს. ამასთან, ჰაერის დაბინძურების დონე ძალიან დაბალია, მოსახლეობა კი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ხშირად სეირნობს.

რაც შეეხება ჭარბ წონას, იაპონიაში ეს პრობლემა მოსახლეობის მხოლოდ 3,6%-ს აწუხებს, რაც ასევე მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია.

მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება: იაპონია, შვეიცარია, კუბა, სლოვაკეთი, სომხეთი, ხორვატია, ფინეთი, პოლონეთი, ბელგია, იტალია.

შვეიცარიაზე საუბრისას კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნის კერძები მზადდება ახალი ინგრედიენტებისგან, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა ნაკლებად მიირთმევს ნახევარფაბრიკატებს.

რაც შეეხება კუბას, ხაზგასმულია უფასო ჯანდაცვა და ბოსტნეულით მდიდარი რაციონი.

რა კრიტერიუმებით მოხვდა რეიტინგში სომხეთი, სტატიაში არ არის განმარტებული.