მსოფლიო
24/01/2022

მილიარდერმა მარკ კუბანმა ჯენერიკ მედიკამენტების იაფიანი ონლაინ აფთიაქი გახსნა

მილიარდერმა მარკ კუბანმა ჯენერიკ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ონლაინ აფთიაქი გახსნა.

როგორც Forbes-ი წერს, აფთიაქი, მომხმარებლებს 100-ზე მეტ ჯენერიკ მედიკამენტს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს, ასევე, კომპანიის მიზანია "რადიკალურად გამჭვირვალე" იყოს წამლების კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესი.

Mark Cuban Cost Plus Drugs Company (MCCPDC) რეგისტრირებულია როგორც ფარმაცევტული საბითუმო ვაჭრობის კომპანია და წამლებს პირდაპირ მწარმოებლებისგან ყიდულობს, შუამავლების გვერდის ავლით, რაც ხარჯებს ამცირებს. 

მაგალითად, ლეიკემიის წამალი იმატინიბი (imatinib) $47 ღირს MCCPDC-ზე, როდესაც მისი საცალო ფასი $9657–ია.

ონლაინ აფთიაქის ფასები მწარმოებლის ფაქტობრივ ფასებს მხოლოდ 15%-მდე აჭარბებს და $3 ფარმაცევტისთვისაა განსაზღვრული. 

აღნიშნავენ, რომ ონლაინ აფთიაქში წამლები იმაზე უფრო იაფი ღირს, ვიდრე სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობისას.

ინფორმაციისთვის, MCCPDC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს ოშმიანსკიმ კუბანს დაბალფასიანი ჯენერიკული მედიკამენტების კომპანიის იდეით მიმართა, რომელიც გასული წლის იანვარში ამოქმედდა, რასაც წინ უძღოდა სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან ფასების მკვეთრი ზრდა.

კუბანის ქონება $4,5 მლრდ–ად არის შეფასებული. უცნობია, რამდენი ინვესტიცია ჩადო მან ამ იდეის განხორციელებაში, თუმცა კომპანიის მიზანია, რომ წლის ბოლომდე $11 მლნ-ის ღირებულების ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა დაასრულოს დალასში, რომელიც დაახლოებით 22,000 კვადრატულ ფართს მოიცავს.

 

Businesspartner