მძიმე ზამთრის შემდეგ უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს
უკვე ორი თვეა, უკრაინის ელექტროენერგიით მომარაგება უწყვეტად მიმდინარეობს, ამასთან არის სიმძლავრეების მარაგი, რომელთა უცხოეთში გატანაცაა შესაძლებელი. ენერგეტიკის სამინისტრომ დაიწყო პროცესი ექსპორტის დასაწყებად, რომელიც ნახევარი წლის წინ შეწყდა.
ექსპორტიდან მიღებული თანხებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რემონტი იგეგმება. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, მან უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ექსპორტის აღდგენას ითვალისწინებს.
„ამ შედეგს ჩვენ მივაღწიეთ ენერგეტიკოსების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ტიტანური შრომის შედეგად, რომლებიც სისტემის აღდგენაში გვეხმარებოდნენ. ყველაზე რთული ზამთარი ჩავლილია,“ - განაცხადა გალუშჩენკომ.
ექსპორტის სიმძლავრე 400 მეგავატს შეადგენს, თუმცა მიწოდების ფაქტობრივი მოცულობები შესაძლოა შეიცვალოს დღე-ღამის პერიოდის ან მიმდინარე პირობების მიხედვით. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი რიგის ამოცანა არის ელექტროენერგიით უკრაინის მოსახლეობის უზრუნველყოფა. ექსპორტი შესაძლოა შეწყდეს, თუ უკრაინელებს სიმძრლავრეები არ ეყოფათ.
უკრაინამ პოლონეთში, მოლდოვაში, რუმენთსა და სლოვაკეთში 2022 წლის პირველ ნახევარში დაწყებული ექსპორტი ოქტომბერში შეაჩერა, რისი მიზეზიც ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სატაკეტო იერიშები გახდა.
რუსეთის დარტყმების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა მკვეთრად გაზარდეს უკრაინაში ელექტროგენერატორების მიწოდება.