მარცვლეულის დერეფნის სანაცვლოდ, გაერო რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის
გაერო პუტინს ეთამაშება - მედიამ გაარკვია, რას სთავაზობენ აგრესორს მარცვლეულის დერეფნის აღდგენის სანაცვლოდ - ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი აქვეყნებს.
მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით, გაერომ წინადადებების ახალი პაკეტი მოამზადა და ის მარცვლეულის ინიციატივის აღორძინებას უნდა დაედოს საფუძვლად. აღნიშნულის შესახებ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მოსკოვში რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, - ინფორმაციას Anadolu Ajansı ავრცელებს.
ახალი პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული ბანკის ზირაათის (როსელხოზბანკი) ევროპული შვილობილი კომპანიის SWIFT სისტემაში ჩართვა და ევროპაში მოქმედი რუსული სასუქის მწარმოებელი კომპანიების გაყინული აქტივების განთავისუფლებაა.
რუსეთი,თავის მხრივ, ყატარის ფინანსური მხარდაჭერით, 1 მილიონი ტონა მარცვლეულის თურქეთში გაგზავნისა და გადამუშავების, შემდეგ კი, ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში გაგზავნის წინდადებით გამოდის. თუმცა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სამუშაო მოცულობასთან შედარებით, რომელიც წელიწადში დაახლოებით 33 მილიონი ტონა მარცვლეულის გადაზიდვის საშუალებას იძლევა, რუსეთის შემოთავაზება მოთხოვნაზე გაცილებით დაბალია.
როგორც მასალაშია აღნიშნული, მარცვლეულის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება საბაზრო ფასების სწრაფი ზრდისა და გლობალური კრიზისის გამოწვევის საშიშროებას აჩენს. ფაქტობრივად, თუკი ინიციატივა იმ წერტილიდან გაგრძელდება, სადაც შეჩერდა, 220 000 ტონა მარცვლეულის გადაზიდვა სავარაუდოდ 1 წლის განმავლობაში 810 000 ადამიანს გამოკვებავს.