JPMorgan: ჯერ ძალიან ადრეა ინფლაციის წინააღმდეგ გამარჯვების გამოცხადება
JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ინფლაციის წინააღმდეგ გამარჯვების გამოცხადება ძალიან ადრეა. როგორც ჯეიმი დაიმონი „როიტერსთან“ ინტერვიუში აცხადებს, გონივრული იქნება, თუკი Fed-ი განაკვეთებს 5%-მდე გაზრდის (ამჟამად FED-ის საპროცენტო განაკვეთი 4.75%-ზეა).
„თუ ინფლაცია 2.5%-მდე დაიკლებს, ხალხი მზად იქნება გამარჯვება იზეიმოს. შესაძლოა, ჩვენ ამ გზაზე ვართ კიდეც - რბილად დასაშვებად. მაგრამ თუ ინფლაცია 3.5% ან 4% იქნება, მაშინ საჭირო გახდება საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტად გაზრდა, ვიდრე ეს 5%-ია“ - აცხადებს JPMORGAN Chase & CO-ის აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე თქმით, მიმდინარე ეკონომიკა კარგად მუშაობს და მომხმარებლები ხარჯავენ ფულს, თუმცა, ამ ვითარებას ხელს ინფლაციური რისკები უშლის.
„ვსაუბრობ პოტენციურ ქარიშხალზე, რომელის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. შეიძლება, ინფლაცია არ შემცირდეს ისე, როგორც ხალხი ფიქრობს, განაკვეთები შეიძლება გაიზარდოს. ამ ყველაფრის რისკებს კი ქმნის უკრაინის ომი და ის ეფექტი, რაც ამას აქვს ნავთობის ბაზრებზე, გაზის ბაზრებზე, სურსათის ბაზრებზე და ღარიბ ქვეყნებზე მთელს მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა გაიაზროს ეს საკითხი, სანამ გამარჯვებას იზეიმებს“ - აცხადებს ჯეიმი დაიმონი.