ფოტო: Andrey Rudakov/Bloomberg
მსოფლიო
10/02/2022

J.P. Morgan: წელს ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა $120-ს მიაღწიოს

საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის პროგნოზით, 2022 წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა $120-ს მიაღწიოს. 

საფინანსო ინსტიტუტის ვარაუდით ბარელი ნავთობის ფასი აღნიშნულ მაჩვენებელს იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის გამო, რუსეთიდან ნედლეულის ექსპორტი შეფერხდება. 

საინვესტიციო ბანკის-ის შეფასებით, გლობალური მარაგების სიმჭიდროვემ და გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ნავთობის ფასი მიმდინარე წელს 15%-ით უკვე გაზარდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა იანვრის ბოლოს $91.7-ს, ხოლო აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასმა $88.84-ს მიაღწია. 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ კი ეს ფასის რეკორდული მაჩვენებლებია. 

J.P. Morgan-ის გლობალური სასაქონლო სტრატეგიის (Head of Global Commodities Strategy) ხელმძღვანელის, ნატაშა კანევას განცხადებით, საუკეთესო სცენარის განვითარების შემთხვევაში ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა, $84-ით განისაზღვროს. უარეს შემთხვევაში კი მან შეიძლება $120-ს მიაღწიოს. 

"საუკეთესო სცენარის შემთხვევში, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენების დეესკალაციას გულისხომბს, ერთი ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა $84-მდე შემცირდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ნავთობის ექსპორტს რაიმე შეაფერხებს, ფასები მარტივად გაიზრდება $120-მდე. რუსული ნავთობის ექსპორტის განახევრებით, სავარაუდოდ, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $150-ს მიაღწევს",- განმარტა ნატაშა კანევამ.  

J.P. Morgan გლობალურ ბაზრებზე რუსული ნავთობის როლზეც საუბრობს. 

"გლობალური ბაზრის 12%-იანი წილით რუსეთი სიდიდით ნავთობის მომპოვებელი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა. ქვეყანაში მოპოვებული ნავთობის თითქმის ნახევარი კი ექსპორტზე ევროპაში გადის. ამასთან, ჩინეთი რუსეთის ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა. რუსული ნავთობის ექსპორტი ტრანსნეფტის მილსადენით ხორციელდება, რომელიც რუსეთის ნავთობის საბადოებს ევროპასა და აზიასთან აკავშირებს. ე.წ დრუჟბას მილსადენი კი დღეში 1.5 მილიონ ბარელ ნავთობს პოლონეთის, გერმანიის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მიმართულებით ბელორუსისა და უკრაინის გავლით ატარებს. 

ამერიკის შეერთებული შტატები დღიურად 600-800 ათასი ბარელი რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს. 2021 წლის მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მთლიანი იმპორტის წილში რეკორდული 10% რუსულმა ნედლეულმა დაიკავა. ეს მაშინ, როდესაც შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის დეპარტამენტის მონაცემებით, 2008 წელს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო",- ნათქვამია საინვესტიციო ბანკის ანგარიშში.