ივლისიდან ყაზახეთი ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის
2023 წლის ივლისიდან ყაზახეთი ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის. ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Tengrinews.kz წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება 1 ივლისიდან ქვეყნის შრომის კოდექსში შევა.
კერძოდ, კანონის თანახმად, დაშვებული იქნება როგორც 5 და 6-დღიანი, ასევე არასრული სამუშაო კვირა, რომლის ხანგრძლივობაც მხარეთა შეთანხმებაში გაიწერება.
კონკრეტულად, კოდექსის ერთერთი მუხლის მიხედვით, მხარეთა შრომითი შეთანხმებოს საფუძველზე, შესაძლეელია 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღება იმ უფლებით, რომ მას შეენაცვლება 5 ან 6-დღიანი სამუშაო კვირა.
ამასთან, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები არ უნდა აჭარბებდეს კვირაში 12 საათს.
რაც შეეხება დასვენების დღეებს, კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, 4-დღიანი სამუშაო კვირის პირობებში დასვენების საერთო დღე კვირაა, მეორე და მესამე დასვენების დღე კი, 5 და 4-დღიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში, კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე დგინდება.
ცვლილებების ავტორების თქმით, შესაძლებელია მუშაობის ისეთი რეჟიმის შემოღება, როცა 5-დღიან კვირას 4-დღიანი სამუშაო კვირა მოსდევს. ასეთი პრაქტიკა უკვე გამოიყენება საოფისე თანამშრომლებში და შეესაბამება შრომის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.