ისრაელში კოვიდპასპორტი უქმდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის დადასტურების ციფრული პროგრამა Green Pass ჩერდება, რადგან კოვიდ 19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევები კლებას განაგრძობს.
ბენეტმა აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, მან აღნიშნა, რომ ისრაელში ომიკრონის ტალღა „გადატყდა“ და მალე სხვა შეზღუდვებიც შემცირდება.
ისრაელში Green Pass-ით სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილას სრულად ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი მოქალაქეები დაიშვებოდნენ. მიმდინარე თვეში პროგრამამ ცვლილება განიცადა და მისი წარდგენა მხოლოდ ღამის კლუბებსა და დიდ დარბაზებში შესვლისთვის იყო სავალდებულო.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ, მართალია, კოვიდ 19-ით დაინფიცირების ფაქტები ისევ ბევრია, თუმცა, ომიკრონის ტალღის პიკის შემდეგ, რომელიც თებერვლის დასაწყისში დაფიქსირდა, სერიოზული შემთხვევები მკვეთრად იკლებს.
„კოვიდპასპორტი“ ისრაელში მარტიდან უქმდება, ამასთან, მშობლები კვლავ ვალდებულები იქნებიან, შვილებს კორონავირუსზე ტესტი კვირაში ორჯერ ჩაუტარონ, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო რჩება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტი სურთ.
ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9.4 მილიონს შეადგენს, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო დღე-ღამეში ისრაელში კოვიდ 19-ით 20 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვალების საშუალო დღიური მაჩვენებელი 57-ია. ქვეყანაში მოსახლეობის 68% სრულადაა ვაქცინირებული, 57%-ს კი ბუსტერდოზა აქვს მიღებული.
jandacva.ge