ილონ მასკის SpaceX-მა პენტაგონის ჯილდო მოიპოვა
ილონ მასკის SpaceX-მა რაკეტებზე მოთვალთვალე სატელიტების შესაქმნელად პენტაგონის ჯილდო მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, SpaceX-მა 149 მილიონი დოლარის კონტრაქტი მოიპოვა. აშშ-ს კოსმოსური განვითარების სააგენტომ (SDA) განაცხადა, რომ ეს არის კომპანიის პირველი სამთავრობო კონტრაქტი სატელიტების მშენებლობაზე.
როგორც SDA-ს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, კონტრაქტის თანამად, SpaceX გამოიყენებს საკუთარ Starlink-ის ქარხანას რედმონდში 4 სატელიტის წარმოებისთვის, რომლებსაც ექნებათ ფართოკუთხოვანი ინფრაწითელი რაკეტების მოთვალთვალე სენსორები.
ასევე, 193 მილიონი დოლარი დამატებით 4 სატელიტის დასამზადებლად ტექნოლოგიურმა კომპანია L3 Harris Technologies-მა მიიღო. ორივე კომპანიის სატელიტების გაშვების სავარაუდო თარიღი 2022 წლის შემოდგომაა.