მსოფლიო
20/09/2020

იაპონიის მაღაზიებში 2 მეტრიანი რობოტები "დასაქმდებიან"

იაპონიას მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მოსახლეობა ყავს. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი 65 წლის ან მეტისაა, რაც მუშახელის მოძიებას პრობლემურს ხდის.

CNN-ის ცნობით, გამოსავლის ძიებაში კომპანიები სულ უფრო უფრო აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს, მათ შორისაა იაპონიის 2 ყველაზე მსხვილი მაღაზია FamilyMart და Lawson.

გასულ კვირას Lawson-მა ტოკიოს მაღაზიაში საკუთარი პირველი რობოტი განათავსა. FamilyMart-მა კი რობოტი გასულ თვეში გამოცადა და აცხადებს, რომ 2022 წლისთვის მის მაღაზიებში 20 რობოტი იმუშავებს.

გამოცემის ცნობით, მაღაზიათა ორივე ქსელში წარმოდგენილია იაპონური სტარტაპის Telexistence-ის შექმნილი რობოტი Model-T. მისი სიმაღლე 7 ფუტია (213 სანტიმეტრი), ის ბორბლებით გადაადგილდება, აღჭურვილია  კამერებით, მიკროფონებითა და სენსორებით. რობოტს თითოეულ ხელზე 3 თითი აქვს, რომელთა დახმარებითაც, მას ისეთი პროდუქტების, როგორებიცაა მაგ. ბოთლის სასმელები და ქილები თარებზე განთავსება შეუძლია.

ეს თვისებები განასხვავებს Model-T-ის იმ რობოტებისგან, რომლებიც სხვა მაღაზიებში გამოიყენებოდა. მაგალითად, Walmart-ი რობოტებს ინვენტარის სკანირებისთვის ან საწყობებში ყუთების დასაწყობად იყენებდა. როგორც Telexistence-ის ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციების ხელმძვანელი მეტ კომაცუ ამბობს, მათი მოძრაობა თავიანთი რობოტებისგან განსხვავებით ძალიან ლიმიტირებულია.

რობოტს Model-T, რომელსაც Ford-ის ავტომობილის სახელი მიენიჭა, მაღაზიის თანამშრომლები დისტანციურად მართავენ. 

„თეორიულად, რობოტების კონტროლირება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი,“ - ამბობს კომაცუ.  

კომაცუს თქმით, ეს ამარტივებს პერსონალის მიღებას და შესაძლებელს ხდის ადამიანების საზღვარგარეთიდან დასაქმებას. კერძოდ, ისეთი ადგილებიდან, სადაც უფრო იაფი მუშახელია. ამასთან, ის ამბობს, რომ რობოტის მართვა მარტივია.

თუ ეს ექსპერიმენტი ეფექტური აღმოჩნდება, Lawson რობოტების უფრო მეტ ფილიალში განთავსებას განიხილავს.

CNN-ი წერს, რომ პანდემიამ ავტომატიზაციის მიმართ ინტერესი გაზარდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ რობოტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ადამიანებს შორის კონტაქტის შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ რობოტს 8 წამი სჭირდება ერთი ნივთის თაროზე დასადებად, ადამიანს კი 5 წამი. ამ ეტაპზე, რობოტს მხოლოდ შეფუთული პროდუქტების გადაადგილება შეუძლია და არა ფხვიერი, გამომცხვარი ნაწარმის, ხილის ან ბოსტენულის. Telexistence-ი ამ შეზღუდვების გაუმჯობესებაზე უკვე მუშაობს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Businesspartner