მსოფლიო
20/06/2023

გერმანია და Intel-ი ჩიპების ერთობლივ ქარხანაში $33 მლრდ-ის ინვესტიციას ახორციელებენ

Intel-ი გერმანიაში 30 მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. როგორც ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, ეს ევროპაში კომპანიის გაფართოების ნაწილია, რაც პასუხობს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ინიციატივას - გერმანიაში გლობალური ჩიპების ცენტრის შექმნის შესახებ.

გარიგება მოიცავს ორი რთული ნახევარგამტარული მოწყობილობის შექმნას. პროექტი 10 მილიარდი ევროს გერმანულ სუბსიდიებს ითვალისწინებს.

Intel-ის აღმასრულებელი დირექტორის პეტ გელსინჯერის განცხადებით, იგი მადლიერია გერმანიის მთავრობისა და ადგილობრივი საქსონია-ანჰალტის შტატის, სადაც კომპანიის ქარხნის აშენება იგეგმება.

გელსინჯერის მმართველობის დროს, Intel-მა მილიარდობით ინვესტიცია განახორციელა სამ კონტინენტზე ქარხნების მშენებლობაში. კომპანიის მიზანი იყო აღედგინა ლიდერობა ჩიპების წარმოებაში და კონკურენცია გაეწია AMD-ის, Nvidia-სა და Samsung-სათვის.

გერმანიის გარიგება კი Intel-ისთვის მესამე უმსხვილესი ინვესტიციაა ბოლო ოთხ დღეში. მანამდე, კომპანიამ 4,6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო პოლონეთის ჩიპების ქარხანაში, შემდეგ კი - 25 მილიარდი დოლარი - ისრაელში.

მსხვილი ინდუსტრიული მოთამაშეების მიზიდვას შეერთებული შტატებიც და დანარენი ევროპაც ცდილობს. ქვეყნები კომპანიებს სახელმწიფო სუბსიდიებსა და ხელსაყრელ კანონმდებლობას სთავაზობენ. ახლა, ბერლინი შეშფოთებულია, არ დაკარგოს საინვესტიციო მიმზიდველობა.

ამიტომ, გერმანიის მთავრობა მილიარდობით ევროს სუბსიდიებს გამოყოფს გერმანიაში ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად, რითაც სურს უპასუხოს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვების სისუსტე, სამხრეთ კორეასა და ტაივანზე დამოკიდებულება და ჩიპების მზარდი დეფეციტი.

ამასთან, ბერლინი მოლაპარაკებებს აწარმოებს ტაივანის TSMC-სა და შვედეთის ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელ Northvolt-თან გერმანიაში წარმოების დაწყების შესახებ. ქვეყანამ უკვე დაარწმუნა Tesla, რომ თავისი პირველი ევროპული გიგაქარხანა ააშენოს.