მსოფლიო
15/02/2023

ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა

ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა - ამის შესახებ ინფორმაცია მოდის სახლმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. 

ცნობილმა ფრანგულმა ბრენდმა Louis Vuitton-მა მამაკაცის ტანსაცმლის კრეატიულ დირექტორად არაერთი გრემის მფლობელი პროდიუსერი, რეპერი, მომღერალი და კომპოზიტორი ფარელ უილიამსი დაასახელა.

უილიამსის პირველი კოლექცია ლეიბლისთვის ივნისში, პარიზში, მამაკაცის მოდის კვირეულზე იქნება ნაჩვენები.

"2004-2008 წლებში Louis Vuitton-ისთვის ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, მოხარული ვარ და მივესალმები ფარელის სახლში დაბრუნებას,  როგორც მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი. მისი შემოქმედებითი ხედვა მოდის მიმართ Louis Vuitton-ს ახალი და ძალიან ამაღელვებელი დასაწყისისკენ მიიყვანს,"- განაცხადა Louis Vuitton-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა პიეტრო ბეკარიმ.

შეგახსენებთ, Louis Vuitton მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო მოდის სახლია. ის არის  LVMH-ის ნაწილი.

ფარელ უილიამსი ასევე არის ქუჩის ტანსაცმლის ბრენდის Billionaire Boys Club-ის თანადამფუძნებელი, რომელიც იაპონელ დიზაინერ ნიგოსთან ერთად 2003 წელს დააარსა.

ის თანამშრომლობდა სპორტული ტანსაცმლის გიგანტ Adidas-თან და ძვირადღირებულ ბრენდებთან, როგორიცაა Moncler და Chanel. ასევე მუშაობდა Louis Vuitton-ის დიზაინერ მარკ ჯეიკობსთან ერთად სათვალეების დიზაინზე.

გრემის გარდა, ფარელ უილიამსი ნომინირებული იყო ოსკარზე სიმღერისთვის Happy, რომელიც იყო ანიმაციური ფილმის Despicable Me 2-ის საუნდტრეკის ნაწილი.