ევროპის მწვანე შეთანხმება - შეძლებს თუ არა საქართველო დოკუმენტით დადგენილი მიზნების მიღწევას
მსოფლიოში 1750-1850-იანი წლები ინდუსტრიალიზაციის სახელითაა ცნობილი. ეს იყო ეპოქა, რომელმაც ეკოლოგიური ფაქტორები თითქმის სრულად უგულველყო.
უარი თქვა აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე და პრიორიტეტი მსხვილ ავტომატიზაციაზე დამყარებულ წარმოებას მიანიჭა. ცივილიზებული სამყაროს შეცვლილი ქცევა ეკონომიკურ წარმატებასთან ერთად კლიმატის ცვლილებების საწინდარი გახდა. საზოგადოებას გარემოსთვის მიყენებული ზიანის შედეგების აღსაქმელად და საკუთარ თავზე გამოსაცდელად თითქმის სამი საუკუნე დასჭირდა. 2019 წელს კი საფუძველი ახალ და ახლა უკვე მწვანე ინდუსტრიულ რევოლუციას ჩაეყარა.
სწორედ 2019 წელს ევროკომისიამ ევროპული მწვანე შეთანხმების ინიცირების პროცესს ჩაუყარა საფუძველი. დოკუმენტის თანახმად, 2050 წლისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე სათბური აირების გაფრქვევა უნდა განულდეს, ხოლო ეკონომიკური ზრდა აღარ უნდა იყოს დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე. დასახული მიზნების მისაღწევად მწვანე ინიციატივა მომდევნო 10 წელიწადში 1 ტრილიონი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს.
„ევროპული მწვანე შეთანხმება ეს არის სრულიად ახალი კონცეფცია, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა. გარემოს დაცვის მიმართულებით მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ რეფორმებს იმისთვის, რომ ევროკავშირში ყველა სექტორის ეტაპობრივი რეფორმირება მოხდეს, დაინერგოს კლიმატგონივრული ტექნოლოგიები, რაც საბოლოო ჯამში ევროკავშირს კლიმატნეიტრალურობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტი კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით მოიცავს მნიშვნელოვან რეფორმებს და კონკრეტული ვალდებულებების აღებას როგორც ევროკავშირის, ასევე კონკრეტულად წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ასევე, მოიცავს სხვადასხვა სექტორის კლიმატგონივრულად განვითარებას, თბოენერგეტიკის სექტორისა და სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, სოფლის მეურნეობის სექტორის იმგვარად განვითარებას, რომ მაქსიმალურად შეეწყოს ხელი კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გაუმჯობესებას, რათა ამ დარგიდან შემცირდეს სათბური აირების გაფრქვევები“,- განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი.
ამ დროისთვის საქართველოს მწვანე შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის ვალდებულება არ აქვს. თუმცა, ეს დოკუმენტი ქვეყინსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირის წერვობაზე დაჩქარებული განაცხადი წარადგინა.
„აქ განსაკუთრებით საგულისხმოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და ასოცირებული ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. პირველად, მას შემდეგ რაც ევროკავშირთან ასოცირებას მოეწერა ხელი და მიუხედავად იმისა, რომ ასოცირება მწვანე ინიციატივასთან შეთანხმებას არ ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგში გაჩნდა ძალიან კონკრეტული ჩანაწერები. ეს ჩანაწერები ჩვენს ქვეყანას სამომავლო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ევროპული მწვანე ინიციატივის გათვალისწინებას ავალდებულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი საკუთარი ქვეყნების ფარგლებს გასცდა და აქტიურად ითანამშრომლებს და გააგრძელებს პარტნიორობას ასოცირებულ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებთან იმისთვის, რომ ისინიც გახდნენ მწვანე ინიციატივის წევრი. საბოლოო ჯამში ევროკავშირის მიზანია, რომ მთლიანად ევროპის კონტინენტი კლიმატნეიტრალური გახდეს“,- აღნიშნა თანდილაშვილმა.
სპეციალისტების შეფასებით, ევროკავშირის ამბიციურ დოკუემტთან დაახლოებაზე ფიქრი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველომ უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. WEG-ის (World Experience for Georgia) ენერგეტიკისა და კლიმატის მკვლევარი, გიორგი მუხიგულიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის მწვანე ინიციატივა ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა უფრო დიდია შესაძლებლობა.
„დროთა განმავლობაში მწვანე შეთანხმების მიზნების დანერგვა საქართველოსთვისაც სავალდებულო გახდება, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ფორმატში, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფორმატშიც. კანონმდებლობაში უნდა დაიწყოს იმ ახალი რეგულაციებისა და დირექტივების გადმოტანა, რომლებიც ევროპის მწვანე შეთხნამებას მოჰყვება თან. სჯობს, ამაზე ფიქრი და კოორდინაცია საჯარო უწყებებს შორის დღესვე დაიწყოს. უკვე როდესაც სავალდებულო გახდება, ძალიან მოკლე პერიოდი იქნება იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები შევასრულოთ. თუმცა, ეს ვალდებულებები კი არა ჩვენთვის შესაძლებლობებია. ზოგადად, ევროპის მწვანე შეთანხმება შესაძლებლობებს ქმნის“,- განმარტავს მკვლევარი.
სუფთა, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია, მდგრადი და ჭკვიანი მობილობა, მრეწველობის მობილიზება სუფთა და ცირკულარული ეკონომიკისთვის - ეს იმ მიზნების მცირე ჩამონათვალია, რომლის მიღწევაც საქართველოს მწვანე ინიციატივასთან შეერთების შემთხვევაში მოუწევს. ნათელია, რომ წინ არც ისე მარტივი გზაა. განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა ენერგეტიკის სექტორი, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება და იმპორტი მუდმივად მზარდია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი კლებადი. საქართველო ვერც უსაფრთხო ენერგიით დაიკვეხნის, რადგან მხოლოდ გასულ წელს ოკუპანტი ქვეყნისგან რეკორდული, მილიარდ 049 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია შეიძინა.
მდგრადი და ჭკვიანი მობილობის შემადგენელი მთავარი კომპონენტი სუფთა ტრანსპორტია, რაც საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუ 2019 წელს ქვეყანაში თითქმის 800 ელექტრომობილი შემოვიდა, 2020 წელს ეს რიცხვი 300 მდე შემცირდა. მუდმივი ხარვეზებით ხასიათდება ტექინსპექტირების რეფორმაც, რაც ქვეყანაში გაუმართავი ავტომობილებით გადაადგილებას ახალისებს.
„ჩვენი ქვეყნისთვის რთულია იმის თქმა, რომ ევროპის მწვანე ინიციატივას შევუერთდებით. პირველ რიგში, უნდა გვქონდეს მკაფიო გეგმა და ხედვა, როგორი იქნება საქართველოს მწვანე შეთანხმება. ანუ, რა სისტემური რეფორმების განხორციელება დაგვჭირდება სექტორულად იმისთვის, რომ მწვანე შეთანხმების მიზნების მიღწევა შევძლოთ. ჩვენ ევროკავშირისგან მოლაპარაკებების ფარგლებში ვითხოვეთ მხარდაჭერა, რომ გაკეთდეს დეტალური სამოქმედო გეგმა. ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მწვანე შეთანხმების გაზიარებასთან დაკავშირებით შევძლოთ ჩვენი პოზიციის გაზიარება. როდესაც ვისაუბრებთ სხვადასხვა სექტორში სისტემურ რეფორმებზე, რა თქმა უნდა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კერძო სექტორის ჩართულობაა. თუმცა, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა, რასაც შემდეგ ბიზნესს წარუდგენს. ეკონომიკის განვითარების პარალელურად უნდა დაინერგოს გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც თავის მხრივ რთულია და კერძო სექტორისგან დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს“,- აცხადებს ნინო თანდილაშვილი.
WEG-ის მკვლევარი კი მიიჩნევს, რომ ევროპის მწვანე ინიციარივასთან მიერთების თვალსაზრისით განვითარებადი ქვეყნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსურ რესურსებზე წვდომაა.
„ფინანსური რესურსი, რომელიც ამ ტრანზიციის პროცესში გვჭირდება, ჩვენთვის ძალიან შეზღუდულია. საკმაოდ დიდი ბიუჯეტია მობილიზებული იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ამ მიზნების განხორციელებას, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში. ჩვენთვის ან ეტაპზე ძირითად ბარიერს წარმოადგენს როგორც შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები, ასევე ანალიტიკური შესაძლებლობები, სამეცნიერო კვლევები, ტექნოლოგიური განვითარება, ბაზრები ამ ტექნოლოგიებისთვის. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ განვითარების ჩანასახშია. გარდა ამისა, არის ადმინისტრაციული ბარიერები. მართვითი ბარიერები - საჯარო უწყებები, ძირითადი დაინტერესებული მხარეები, ვინც ამ პროცესში უნდა იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის კოორდინაციო, კომუნიკაცია, ცნობიერების დაბალი დონე დიდ გავლენას ახდენს იმაზე, რომ ქვეყანაში ამ ახალი რეგულაციების შემუშავება ეფექტურად განხორციელდეს“,- ამბობს გიორგი მუხიგულიშვილი.
პრობლემების არსებობის მიუხედავად, საქართველო ევროკავშირთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს. თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყანამ ევროპულ გაერთიანებას დეტალური სამოქმედო გეგმის შედგენაში დახმარებაც სთხოვა. დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამასთან, მიმდინარე წლის ბოლოს პარიზის შეთანხმებიდან და კლიმატის კონვენციიდან გამომდინარე მხარეთა შეხვედრა ჩატარდება. შეკრების ფარგლებში განსახილველი არაერთი საკითხი უკვე გამოკვეთილია. მათ შორის მოწინავე ადგილს რუსეთ-უკრაინის ომი და კლიმატის ცვლილებაზე მისი შესაძლო გავლენები იკავებს.