მსოფლიო
02/03/2022

ევროკავშირმა რუსეთში ევროს მიწოდება აკრძალა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი ეკონომიკური სანქცია აამოქმედა. 

ევროსაბჭოს მიერ გაცემული სანქციის მიხედვით, 12 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე ევროს გაგზავნა/იმპორტი სრულად აიკრძალება.

შესაბამისად, უახლოეს მომავალში რუსეთში ევროს პირდაპირი მნიშვნელობით "დეფიციტი" იქნება. 

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროს მიწოდების აკრძალვა ეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე კომერციულ ბანკებს, ფინანსთა სამინისტროს და რუსეთის ცენტრალურ ბანკს.

აკრძალვა 12 მარტიდან ამოქმედდება და შედეგად, ახალი ევროს ბანკნოტები რუსეთის ეკონომიკაში აღარ შევა. ამავე სანქციების მიხედვით, SWIFT-დან გამოირიცხება მსხვილი რუსული ბანკები, ესენია: 1.Bank Otkritie; 2. Novikom bank; 3. Promsvyazbank; 4. Rossiya Bank; 5. Sovcom bank; 6. VNESHECONOM BANK (VEB); 7. VTB BANK.

ამასთან, რუსული რუბლის კურსი ეცემა, ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 112 რუბლს შეადგენს, როცა უკრაინის ომამდე კურსი 83 რუბლი იყო. გარდა ამისა, კაპიტალის კონტროლი თავად რუსეთის მთავრობამ შემოიღო, რამაც რუსეთიდან უცხოური ვალუტის ექსპორტი შეზღუდა.