ფოტო: shutterstock
მსოფლიო
19/01/2022

ენერგოკრიზისის ფონზე ჩინეთი ქვანახშირის წარმოებას ზრდის

ჩინეთმა 2021 წელს, ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ქვანახშირის წარმოება 4,7%-ით გაზარდა.

energynews.ge მპონაცემებს ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანამ 2021 წელს 4,07 მილიარდი ტონა ქვანახშირი მოიპოვა, 4,7%-ით მეტი 2020 წელთან და 5,6%-ით მეტი 2019 წელთან შედარებით.

რაც შეეხება ნახშირის იმპორტს, ის გასულ წელს 6,6%-ით გაიზარდა და 320 მლნ ტონას მიაღწია.

მხოლოდ დეკემბერში ჩინეთმა 380 მილიონი ტონა ნახშირი აწარმოა, ეს 7,2%-ით მეტია 2020 წლის და 10,7%-ით მეტი 2019 წლის დეკემბერთან შედარებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნახშირის იმპორტი დეკემბერში, წლიური თვალსაზრისით 20,8%-ით შემცირდა და 12,4 მლნ ტონა შეადგინა.

როგორც EADaily იუწყება, შარშან შემოდგომაზე ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში, ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების კუთხით შეფერხებები დაფიქსირდა, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, წარმოიშვა ქვანახშირის დეფიციტისა და მაღალი ღირებულების, ასევე ბუნებრივი აირის ფასების ზრდის გამო. ხსენებული შეფერხებები უფრო გაამწვავა ხელისუფლების მცდელობებმა შეემცირებინა ნახშირბადის გამონაბოლქვი, ქვანახშირის გამოყენება და ხელი შეეეწყო მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის.

Businesspartner