მსოფლიო
24/09/2021

EC: ევროკავშირში გაყიდულ ყველა სმარტფონს უნივერსალური USB-C დამტენი უნდა ჰქონდეს

ახალი წესის თანახმად, რომელიც ევროკომისიის (EC) მიერაა ინიცირებული, მწარმოებლები იძულებული იქნებიან შექმნან ტელეფონებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობების უნივერსალური, USB-C დამტენი.

მიზანი ნარჩენების შემცირებაა, რომ მომხმარებლებმა, გამოიყენონ არსებული დამტენები ახალი მოწყობილობის ყიდვისას.

BBC–ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტი და სმარტფონების მთავარი მწარმოებელი Apple მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი ზიანს აყენებს ინოვაციებს, ამასთან, მისი iPhone სერია იყენებს Apple- ის მიერ დამზადებულ Lightning კონექტორს.

„შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ ასეთი მკაცრი რეგულაცია, რომელიც მხოლოდ ერთი ტიპის კონექტორებს ავალდებულებს, ახშობს ინოვაციას რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს მომხმარებლებს ევროპასა და მთელს მსოფლიოში,”–განუცხადა ფირმამ BBC-ს.

Android ტელეფონების უმეტესობას გააჩნია USB micro-B დატენვის პორტები, ან უკვე გადავიდა უფრო თანამედროვე USB-C სტანდარტზე. IPad და MacBook–ის ახალი მოდელები იყენებენ USB-C დატენვის პორტებს, ისევე როგორც მაღალი დონის ტელეფონის მოდელები პოპულარული Android მწარმოებლებისგან, როგორიცაა Samsung და Huawei.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია ვრცელდება: სმარტფონებზე, ტაბლეტებზე, კამერებზე ყურსასმენებზე, პორტატული დინამიკებსა და ხელის ვიდეო თამაშების კონსოლებზე, ხოლო სხვა პროდუქტებზე არ იქნა გათვალისწინებული ტექნიკური მიზეზების გამო, რომელიც დაკავშირებულია ზომასთან და გამოყენების პირობებთან.

2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ რომ ევროკავშირში მობილური ტელეფონებით გაყიდული დამტენების დაახლოებით ნახევარს ჰქონდა USB micro-B კონექტორი, 29%-ს USB C კონექტორი და 21%-ს Lightning კონექტორი.

ამასთან, ევროკავშირში გასულ წელს დაახლოებით 420 მლნ მობილური ტელეფონი და სხვა პორტატული ელექტრონული მოწყობილობა გაიყიდა. საშუალოდ, ადამიანი ფლობს დაახლოებით სამი მობილური ტელეფონის დამტენს, რომელთაგანაც ისინი ორს რეგულარულად იყენებენ, ხოლო გამოუყენებელი დამტენი კაბელები წარმოქმნის წელიწადში 11,000 ტონაზე მეტ ნარჩენს.

"ერთი დატენვის სტანდარტის ქონა მომხმარებლების თვალში საღი აზრის გამარჯვება იქნება", - ამბობს ბენ ვუდი, CCS Insight- ის ანალიტიკოსი.

საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ცნობილია როგორც დირექტივა, ევროპარლამენტი და ეროვნული მთავრობები განიხილავენ. შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს ამ ყველაფერს.

ევროკომისია იმედოვნებს, რომ ეს მოხდება 2022 წელს - რის შემდეგაც წევრ ქვეყნებს, როგორც წესი, აქვთ ორი წელი ეროვნული კანონმდებლობის წესების განსახორციელებლად, ხოლო მწარმოებლებს ექნებათ 24 თვე თავიანთი დატენვის პორტების შესაცვლელად.