ავტორბოლა ყინულზე, სასტუმრო კოსმოსში - მსოფლიოში ექსტრემალურ ტურიზმზე მოთხოვნა მზარდია
დაკარგულ სუბმარინ „ტიტანზე“ ჟანგბადის მხოლოდ რამდენიმე საათის სამყოფი მარაგი რჩება. სამძებრო სამუშაოები კი ჯერჯერობით უშედეგოდ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ კანადურმა თვითმფრინავმა, რომელიც დაკარგულ აპარატს ატლანტის ოკეანეში ეძებს, „კაკუნის“ ხმები გაიგონა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც სუბმარინი ბოლოს დაფიქსირდა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულ ეკიპაჟამდე კაკუნის ხმა სამშაბათს ყოველ 30 წუთში ერთხელ აღწევდა, იგივე ხმები დაფიქსირდა ოთხშაბათსაც. თუმცა სანაპირო დაცვის განცხადებით, ხმაურის წყარო დაუდგენელია.
გამოცემა ასევე წერს, რომ სამძებრო ჯგუფებს მოუწევთ სწრაფი მოქმედება, რადგან ჟანგბადის მარაგი სავარაუდოდ დღეს, შუადღეს იწურება.
„ტიტანის“ ბორტზე იმყოფებიან OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სთოქთონ რაში, ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰემიშ ჰარდინგი, ცნობილი ფრანგი დრაივერი პოლ-ანრი ნარგოლე და პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დევუდი თავის 19 წლის შვილთან ერთად.
ამ ფაქტის ფონზე უცხოურ მედიაში ექსტრემალურ ტურიზმთან დაკავშირებული რისკების თემა გააქტიურდა.
„სიენენი“ აღნიშნავს, რომ ტურიზმის ეს სახეობა მზარდი პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებში, რომლებიც ახალ შეგრძნებებს და ადრენალინის გამოყოფის გზებს ეძებენ.
შედეგად, ტრადიციული მოგზაურობების საზღვრები ფართოვდება. OceanGate Expeditions-ი სწორედ იმ რამდენიმე კომპანიას შორისაა, რომლებიც იმ მომხმარებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, რომელთაც სურთ ზღვებისა და მსოფლიო ოკეანის რთულად მისაღწევი სიღრმეების კვლევა.
„მდიდრებთან ვნახე, რომ ფულს არ აქვს მნიშვნელობა, როცა საქმე ეხება შთაბეჭდილებებს. მათ სურთ რაღაც ისეთი, რაც არასდროს დაავიწყდებათ,“ - განაცხადა TARA, Ink.-ის მფლობელმა ნიკ დანუნციომ.
OceanGate-მა „ტინტანიკის“ ჩაძირვის ადგილას წარმატებული ექსპეტიციები 2021 და 2022 წლებში მოაწყო. სწორედ ასეთ მორიგ ექსპედიციას ახორციელებდა მისი წყალქვეშა აპარატი, რომელსაც ორშაბათის შემდეგ ეძებენ და რომელიც წყალში დაშვებიდან საათსა და 45წუთში გაუჩინარდა.
კომპანიის მიერ შეთავაზებულ ექსპედიციებს შორის არის მოგზაურობა ჩაძირულ გემებთან, ჰიდროთერმულ წყაროებთან და წყალქვეშა კანიონებთან.
ასეთი ტურები არის სათავგადასავლო ტურიზმის ნაწილი, რომელიც მხოლოდ ზე-მდიდარი ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. სპეციალისტების თქმით, ასეთი კატეგორიის მომხმარებლების რაოდენობა უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რისი მიზეზიც მსოფლიოში მდიდარი ადამიანების რაოდენობის მატების ტენდენციაა.
ეს ადამიანები მზად არიან, ასტრონომიური თანხები გადაიხადონ მაგალითად, 24-დღიან ტურში დედამიწის გარშემო კერძო თვითმფრინავით, ევერესტზე ვერტმფრენით დაფრენაში ან თუნდაც კოსმოსში გამგზავრებაში.
გასულ კვირაში კომპანია Virgin Galactic-მა განაცხადა, რომ მისი კომერციული კოსმოსური ფრენები მიმდინარე წლის ბოლოს ოფიციალურად დაიწყება, კერძო ასტრონავტებისთვის კი ბილეთი 450 ათასი დოლარი ეღირება. კომპანიის მონაცემებით, უკვე 800 ბილეთია გაყიდული.
მართალია, კოსმოსური ტურიზმი ადამიანთა უმეტესობითვის მიუწვდომელია, ის ტურიზმის საკმაოდ მზარდი სექტორია.
ჯოზეფ ბეზოსის Blue Origin-მა და ილონ მასკის SpaceX-მა უკვე გაუშვეს მოგზაურები კოსმოსში, კოსმოსური ტექნოლოგიების ამერიკული სტარტაპი Orion Span-ი კი გეგმავს მსოფლიოში პირველი, მაღალი კლასის კოსმოსური სასტუმროს გახსნას, რომლის ღირებულებაც ერთ სტუმარზე, ორკვირიანი განთავსებით, 10 მილიონი დოლარი იქნება.
Abercrombie & Kent-ის დამფუძნებელმა ჯეფრი კენტმა განაცხადა, რომ მის კომპანიას დაგეგმილი აქვს ისეთი სერვისების შეთავაზება, როგორიცაა ფინეთში ავტომობილების რბოლა ყინულზე და გასეირნება ორანგუტანგებთან ერთად ბორნეოზე.
კომპანიის განცხადებით, მათი მიზანია, სტუმრებს შესთავაზონ შთაბეჭდილებები, რომლებიც მათ „ვალდებულების შესრულების“ განცდას გაუჩენს.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, ზოგიერთი მოგზაურობა ძვირი იმის გამო ღირს, რომ ისინი მაღალ რისკს უკავშირდება.
მეტიც: ზოგიერთი სერვისი იმდენად უნიკალურია, რომ რეგულირების პრობლემა დგება. მაგალითად, დაკარგული აპარატი „ტიტანი“ არ ექცევა უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ სამთავრობო დადგენილებების ფარგლებში. მიზეზი ისაა, რომ ამ სუბმარინის ტექნოლოგია ძალიან ახალია და ჯერ არაა შემოწმებული, თუმცა სპეციალისტები ამბობენ იმასაც, რომ ეს არ ნიშნავს, რომ აპარატი უსაფრთხო არაა. მათი თქმით, რისკი ყველგან არსებობს.
„სიენენს“ მოჰყავს OceanGate-ის დირექტორის სთოქთონ რაშის სიტყვები იმის შესახებ, რომ „რაღაც მომენტში უსაფრთხოება უბრალოდ, დროის უშედეგო ხარჯვაა, რადგან თუ თქვენ უსაფრთხოება გსურთ, ლოგინიდან არ უნდა ადგეთ, არ ჩასხდეთ მანქანაში, არაფერი არ უნდა აკეთოთ.“
რისკებს მხოლოდ წყალქვეშა მოგზაურობები არ შეიცავს. ამერიკის კონგრესმა მორატორიუმი შემოიღო კომერციულ კოსმოსურ ფრენებზე, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სახელმწიფო წესები კომერციულ ხომალდებზე არ ვრცელდება. საუბარია Virgin Galactic-ზე, Blue Origin-სა და SpaceX-ზე.
კლიენტებმა, რომლებსაც კოსმოსში მოგზაურობა სურთ, ხელი უნდა მოაწერონ „ინფორმირებული თანხმობის“ ფორმებს, რითიც საკუთარ თავზე იღებენ მისიასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
შეგახსენებთ, რომ ჩაძირულ სუბმარინზე ერთი ბილეთის ღირებულება 250 ათასი დოლარი იყო.