მსოფლიო
04/03/2022

არაბიძე: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში აფეთქების შემთხვევაში საქართველოც საფრთხის ქვეშ იქნება

ენერგეტიკოსების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში აფეთქება მოხდება, საფრთხის ქვეშ მოექცევა საქართველოც.

ექსპერტი, გია არაბიძე "ბიზნესპარტნიორთან" იმ ზიანს იხსენებს, რაც საქართველოს ჩერნობილის კატასტროფამ მოუტანა. 

"ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ტერიტორიულად ჩვენთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩერნობილი იყო. რაც შეეხება იმას, როგორ დავზარალდებოდით მისი აფეთქების შემთხვევაში. ორი მნიშვნელოვანი მომენტია. პირველი, როგორი იქნებოდა აფეთქების მომენტში ქარების დომინანტური მიმართულება და როგორი იქნებოდა ღრუბლების გადაადგილება. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ დაზარალებულ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე ვიყავით. რა თქმა უნდა, ჩვენ ისე არ დავზიანებულვართ, როგორც თავად უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი, მაგრამ იყო წერტილოვანი დაზიანებები. რა თქმა უნდა, ასეთი რამ თუ მოხდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურშიც, საქართველო საფრთხის ქვეშ იქნება. მაგალითად, ჩერნობილის აფეთქების შემდეგ საქართველომ ჩაის მოსავალი ექსპორტზე ვეღარ გაიტანა. მთელი მოსავალი განადგურდა",- განმარტავს არაბიძე. 

ცნობისთვის, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩნდა. ტერიტორიაზე შესვლა და ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა დღეს დილით შეძლეს.

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადების თანახმად, ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.