მსოფლიო
24/05/2022

Airbnb-ი ჩინეთში ოპერირებას წყვეტს

Airbnb–ი ჩინეთში შიდა გაქირავების სერვისის მიწოდებას წყვეტს, რადგან "ნულოვანი კოვიდ" პოლიტიკა ნიშნავს, რომ "ლოქდაუნი" გრძელდება, შესაბამისად ტურიზმის სექტორიც იზღუდება.

ქვეყანაში არსებული სახლების ყველა ჩამონათვალი და მიმოხილვები კომპანიის ვებსაიტიდან ზაფხულისთვის წაიშლება, –აცხადებს BBC-ი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარი Airbnb-ის შემოსავლის მხოლოდ 1%-ს შეადგენდა.

სავარაუდოდ, კომპანია სანაცვლოდ ყურადღებას გაამახვილებს ჩინეთის მაცხოვრებლებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საზღვარგარეთ სხვა მიმართულებით.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიამდე ჩინელი მოგზაურების რიცხვი, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ, ათწლეულზე ნაკლებ დროში სამჯერ გაიზარდა და 2019 წელს 155 მლნ–ს მიაღწია.

თუმცა, პანდემიამ და რეგულაციებმა 2020 წლიდან ჩინეთს ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოუტანა, რამაც უკიდურესად გაართულა მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები.

ცნობისთვის, Airbnb-მა ჩინეთში ოპერირება 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ დაახლოებით 25 მილიონმა სტუმარმა ისარგებლა სახლის გაქირავების სერვისით.