მსოფლიო
09/06/2021

80 წლიანი მაქსიმუმი - WB გლობალური ეკონომიკის 5.6%-იან ზრდას ელის

გლობალური აღდგენის პროცესი მტკიცე მაგრამ არათანაბარია, რადგან ბევრი განვითარებადი ქვეყანა კვლავ ებრძვის პანდემიის გახანგრძლივებულ ზემოქმედებას - მსოფლიო ბანკის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკის ზრდა 2021 წელს სავარაუდოდ 5.6 %-ს მიაღწევს, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია, ძირითადად რამდენიმე წამყვან ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის გამო. თუმცა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, ბევრი განვითარებადი ქვეყანა კვლავ ებრძვის COVID-19 -ის პანდემიას და მის შედეგებს.

ბანკის შეფასებით, აღდგენის მიუხედავად, წარმოების გლობალური მოცულობის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის პანდემიამდელ საპროგნოზო მაჩვენებლებზე 2%-ით ნაკლები იქნება. შემოსავლის დანაკარგები ერთ სულ მოსახლეზე ძველ ნიშნულს 2022 წლამდე არ დაუბრუნდება ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებადი ქვეყნების ორი მესამედისთვის. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი შეფერხებულია, პანდემიის ზემოქმედებამ სიღარიბის დაძლევის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებით მანამდე მიღწეულ შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია, დაამძიმა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა და სხვა გრძელვადიანი გამოწვევები წარმოქმნა.

“გლობალური აღდგენის მიმართულებით არსებული ნიშნების მიუხედავად, პანდემია განაგრძობს სიღარიბის და უთანასწორობის გაღრმავებას მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

მისივე თქმით, აუცილებელია გლობალურად კოორდინირებული ძალისხმევა ვაქცინის განაწილების დასაჩქარებლად და ვალის შესამცირებლად, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. "ჯანდაცვის მიმართულებით არსებული კრიზისის შემსუბუქებასთან ერთად, პოლიტიკის შემმუშავებლებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პანდემიის გახანგრძლივებულ ზემოქმედებაზე მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად.“

განვითარებული ქვეყნებიდან აშშ -ს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს სავარაუდოდ 6.8%-ს მიაღწევს, რაც ასახავს ფართომასშტაბიან ფისკალურ მხარდაჭერას და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას. სხვა მოწინავე ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი ასევე, თუმცა უფრო ნაკლებად მტკიცეა. ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებად ქვეყნებს შორის მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.5 %-ს მიაღწევს, რაც ასახავს დაგროვილი მოთხოვნის უზრუნველყოფას.

მთლიანობაში ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი წელს 6%-ს მიაღწევს, რაც გამყარებული იქნება მაღალი მოთხოვნით და გაზრდილი სასაქონლო ფასებით. თუმცა, აღდგენა ბევრ ქვეყანაში COVID-19 -ის შემთხვევების ზრდით და ვაქცინაციის პროცესის პროგრესის ჩამორჩენით, ისევე როგორც ზოგიერთ გარემოებებში მხარდაჭერის შეწყვეტით ფერხდება. ჩინეთის გარდა ქვეყნების ამ ჯგუფში მოსალოდნელია შედარებით მოკრძალებული ზრდა (4.4%). აღდგენის პროცესის მაჩვენებელი ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში 2022 წელს სავარაუდოდ 4.7% იქნება. და მაინც, სარგებელი ამ ქვეყნების ჯგუფში არ არის საკმარისი 2020 წლის რეცესიის დროს განცდილი ზარალის დასაძლევად. წარმოების გამოსავალი 2022 წელს სავარაუდოდ 4.1% -ს მიაღწევს, რაც დაბალია პანდემიამდე არსებულ საპროგნოზო მაჩვენებლებზე.

შემოსავალი ერთ სულზე ბევრ განვითარებად ქვეყანაში სავარაუდოდ, ასევე პანდემიამდელ დონეზე ქვევით ჩამოვა და დანაკარგები გააუარესებს ჯანდაცვასთან, განათლებასთან და ცხოვრების სტანდარტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჯერ კიდევ COVID-19 -ის კრიზისამდე იყო მოსალოდნელი, რომ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორები იმპულსს დაკარგავდა, და ეს ტენდენცია პანდემიის დამაზიანებელი ზემოქმედებით სავარაუდოდ გაძლიერდება.

პროგნოზის მიხედვით, ზრდა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში წელს, 2020 წლის გარდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება, რაც ნაწილობრივ ვაქცინაციის მეტად დაბალ ტემპს ასახავს. აღნიშნულ ქვეყნებში ზრდა სავარაუდოდ 2.9%- ით მოიმატებს 2021 წელს სანამ 2022 წელს 4.7%-მდე გაიზრდება. ამ ჯგუფის გამოსავლის დონე 2022 წელს პროგნოზის მიხედვით 4.9%-ს მიაღწევს, რაც პანდემიამდელ საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაბალია.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის ანალიტიკური თავი იკვლევს თუ როგორ შეუძლია სავაჭრო ხარჯების შემცირებას (მაგალითად, ლოგისტიკასთან და სასაზღვრო პროცედურებთან დაკავშირებით), ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა განვითარებად ბაზრებზე ვაჭრობის სტიმულირებით. გასული 15 წლის განმავლობაში კლების მიუხედავად, სავაჭრო ხარჯები ამ ქვეყნებში თითქმის ორჯერ მაღალი რჩება ვიდრე მოწინავე ქვეყნებში, უმეტესწილად ლოგისტიკური და ტრანსპორტირების მაღალი ხარჯების გამო. სავაჭრო პროცესის და განბაჟების მოთხოვნების გამარტივების ძალისხმევა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და მართვის გასაუმჯობესებლად ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაზიარებას და გააძლიერებს კონკურენციას ადგილობრივ ლოგისტიკაში, საცალო და საბითუმო ვაჭრობაში, რასაც ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვა შეუძლია.

“კავშირები სავაჭრო და გლობალური ღირებულების ჯაჭვების მეშვეობით ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რამაც ბევრი ადამიანისთვის შესაძლებელი გახადა სიღარიბის დაძლევა. თუმცა, არსებული ტენდენციის მიხედვით, გლობალური ვაჭრობა შენელებული იქნება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. განვითარებადი ქვეყნების მიერ COVID-19 -ის პანდემიის დამარცხების პარალელურად, სავაჭრო ხარჯების შემცირებას შეუძლია“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანასწორი ეკონომიკური ზრდის და ფინანსური ინსტიტუტების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით ჯილმა.

ანგარიშის მომდევნო თავი წარმოგვიდგენს ანალიზს გლობალური ინფლაციის ზრდის შესახებ, რომელიც თან ახლავს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას. უკანასკნელი ხუთი გლობალური რეცესიიდან 2020 წლის გლობალურმა ეკონომიკურმა ვარდნამ, ინფლაციის უმნიშვნელო კლება და შემდგომი უსწრაფესი მატება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ინფლაციასავარაუდოდ წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ზრდას გააგრძელებს, ინფლაციის ტარგეტირების განმახორციელებელი ქვეყნების უმეტესობაში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის სამიზნე დიაპაზონში დარჩენა. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში, სადაც ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს, რეაგირება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გადმოსახედიდან შეიძლება გამართლებული არ იყოს, თუ აღნიშნული მოვლენა დროებითია და ინფლაციის მოლოდინის მდგრადობის შენარჩუნება ხდება.

“მაღალმა გლობალურმა ინფლაციამ მომდევნო თვეებში შესაძლოა დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებით განვითარებადი ქვეყნების არჩევანი გაართულოს, რამდენადაც ზოგიერთი აღნიშნული ქვეყანა მდგრადი აღდგენის უზრუნველსაყოფად კვლავ მხარდაჭერის ღონისძიებებზეა დამოკიდებული. თუ ვალის რეკორდულად მაღალ დონესთან დაკავშირებული რისკები არ აღმოიფხვრა, ეს ქვეყნები ფინანსური ბაზრის სტრესის მიმართ მოწყვლადი დარჩება, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციური წნეხის შედეგად ინვესტორთა განწყობის გაუარესების შემთხვევაში.“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ.

სურსათზე ფასების ზრდას და აგრეგატული ინფლაციის დაჩქარებას ასევე შეუძლია დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სურსათის ნაკლებობასთან დაკავშირებული გამოწვევების შექმნა. ამ ქვეყნებში პოლიტიკის შემმუშავებლებმა უნდა უზრუნველყონ რომ ინფლაციის მზარდ მაჩვენებლებს არ მოჰყვეს ინფლაციის მოლოდინების შესუსტება და შეეწინააღმდეგონ სუბსიდიებს ან ფასების კონტროლს, რომ თავიდან იქნეს აცილებული გლობალური სასურსათო ფასების ზრდა. გაცილებით ეფექტური იქნება სოციალური დაცვის პროგრამების გაფართოებაზე ფოკუსირებული პოლიტიკა, ლოგისტიკის გაუმჯობესება და ადგილობრივი სურსათის მიწოდების კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობის ამაღლება.

Businesspartner