690 მლნ ადამიანს საკმარის საკვებზე ხელი არ მიუწვდება - ამ არმიას COVID-მა შესაძლოა 132 მლნ შემატოს
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს, რომ პანდემიამ მსოფლიოში ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პანდემიამ შესაძლოა იმ ადამიანთა რაოდენობას, რომელთაც საკმარის საკვებზე ხელი არ მიუწვდებათ, მსოფლიოში დამატებით 132 მლნ ადამიანი შეემატოს.
FAO-ს გენერალური დირექტორი კუ დონჟუს ღია წერილს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რომ პანდემიამ კვების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა.
"საკვები საკმარისად იწარმოება, მაგრამ ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოს დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა.
სურსათის წარმოებისა და მიწოდების ქსელი რეგიონში კარგად მუშაობს, ძირითადად ფერმერების ხარჯზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ჩვენთვის საკვები აწარმოონ, და მიუხედავად პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვებისა და შექმნილი პრობლემებისა. ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში საოჯახო მეურნეობები აცხადებენ, რომ მათ გამოიყენეს საკუთარი დანაზოგები, რომ დაეფარათ საწარმოო ხარჯები. მათგან 85% აცხადებს, რომ მათი წამოების გადარჩენა მთლიანად დამოკიდებულია მთავრობის მხრიდან ხელშეწყობაზე, რათა დაფარონ მიმდინარე ხარჯები.
ამ კონტექსტში, საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის გატარება და საჯარო-კერძო სექტორების თანამშრომლობა, რათა შენარჩუნდეს სურსათის წარმოება და გაუმჯობესდეს აგროსასურსათო სისტემების მდგრადობა", - განმარტებულია წერილში.
2-4 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ევროპის 32-ე რეგიონულ კონფერენციას“ ატარებს, რომლის ვირტუალური მასპინძელი წელს უზბეკეთია. ღონისძიებაში მოწილე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, საშუალება ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, თემაზე - თუ როგორ უნდა გარდავქმნათ აგრო-სასურსათო სისტემები, რომ მივაღწიოთ მდგრადობას როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.
FAO-ს რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს FAO-ს წევრი ყველა ქვეყანა, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან: ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე და არქტიკული წრიდან ცენტრალური აზიის პამირის მთებამდე. რეგიონი ძალიან მრავალფეროვანია და მასში შემავალი სასურსათო სისტემებიც რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
"COVID-19-ის პანდემიამდეც, აგროსასურსათო სისტემების მდგრადობა ყურადღებას იპყრობდა რეგიონში, განსაკუთრებით, ჭარბწონიანობის ფონზე, რომელიც, 2019 წლის მონაცემებით, 23 პროცენტს შეადგენდა ევროპაში და 18-ს ცენტრალურ აზიაში. ასევე, შემცირებული იყო საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი და საკვებში მიკრონუტრიენტების დეფიციტი კი - გაზრდილი", - განმარტავს კუ დონჟუ.
ის ამბობს, რომ კონფერნეციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა - სურსათის უვნებლობა, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ციფრული ინოვაციები.
"ისეთი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა სატელიტური ფოტოების გადაღება, სენსორული და მობილური აპლიკაციები, რევოლუციური ცვლილებების შემომტანი იქნება ფერმერებისა და საოჯახო შინამეურნეობებისთვის, ისევე როგორც მომხმარებლებისთვის. ციფრულ ტექნოლოგიებს, სულ მცირე, შეუძლია სურსათის ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ბაზრებზე წვდომის გაზრდა, სურსათის დანაკარგების შემცირება, წყლის მენეჯმენტის გაუმჯობესება და მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლა.
COVID-19-ის პანდემიამდე თითქმის 690 მილიონ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი საკმარის საკვებზე, 2019 წლის მონაცემებით. FAO-ს უახლეს ანალიზზე დაყრდნობით, პანდემიამ შესაძლოა ამ სტატისტიკას კიდევ 132 მილიონი ადამიანი შემატოს მსოფლიოში. გარდა ამისა, 4.5 მილიარდ ადამიანზე მეტი სუალოდ დამოკიდებულია აგროსურსათის წარმოებაზე, რათა გამოკვებოს საკუთარი ოჯახი.
პანდემიამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა ფრაზას - არც ერთი ადამიანი არ დავტოვოთ უყურადღებოდ - 2030 წლის გლობალური მიზნების მთავარ პრინციპს. როგორც არასდროს, მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და აკადემიური სექტორი უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით მოახერხონ ამ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება", - ნათქვამია წერილში.
ძლიერი პარტნიორობა FAO-ს ინიციატივის ცენტრალური ასპექტია, რათა მოხდეს აგროსურსათის სისტემების მდგრადობის გაძლიერება და, საბოლოოდ, შიმშილისა და სიღარიბის დაძლევა. „კერძო სექტორის ჩართულობის ახალი სტრატეგიით“, FAO მიზნად ისახავს კერძო სექტორთან პარტნიორობას, ინოვაციების, ინვესტიციების, სამეცნიერო ექსპერტიზის გასაძლიერებლად.
FAO აქტიურად მუშაობს მსოფლიოს გარშემო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო მიმართულების საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად, ასევე ამ ცვლილებების დასანერგად და განსახორციელებლად.
FAO-ს „ევროპის 32-ე რეგიონული კონფერენცია“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც FAO-ს მოწოდებები მოქმედებებად უნდა გარდაიქმნას - ახალი იდეებად, ძლიერ პანტნიორობად და ახალ გზებად, რომ შევქმნათ უკეთესი წარმოება, უკეთესი ხელმისაწვდომობა საკვებზე, უკეთესი გარემო და სიცოცხლე.“