მსოფლიო
13/02/2023

$600 მლნ-იანი ინვესტიციით Nissan-ი და Renault-ი 6 ახალ მოდელს შექმნის

Nissan-ი და Renault-ი, ინდოეთში ექვსი ახალი მოდელის შესაქმნელად 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განახორციელებას გეგმავს- ინფორმაციას REUTERS-ი ავრცელებს.

„ეს ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის, არამედ ისეთი ტექნოლოგიების მხრივაც, როგორიცაა ელექტრომობილი, რათა შევძლოთ ინდოეთის მზარდი ბაზრის დაპყრობა, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ის მსოფლიოში სიდიდით მესამე ბაზარია. გარდა ამისა, გამოვიყენოთ ინდოეთი, როგორც ბაზა ექსპორტისთვის,“ - ამბობს Nissan-ის ოპერაციული დირექტორი, აშვანი გუპტა.

REUTERS-ის ინფორმაციით, თითოეული კომპანია ინდოეთში სამ ახალ მოდელს დაამზადებს, რომლებიც ერთობლივ პლატფორმაზე შეიქმნება. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება  კომპონენტებისა და საინჟინრო გადაწყვეტების სხვადასხვა დიზაინებს შორის გაზიარებაც.

ახალი მოდელებიდან ორი ელექტრომობილი იქნება, დანარჩენები კი სპორტული სამრეწველო მანქანები.