მსოფლიო
02/03/2022

2 კვირაში რუსეთს მედიკამენტების დეფიციტი ელოდება -სანქციების შედეგები

ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორების უმეტესობა უკვე აჩერებს მედიკამენტების მიწოდებას რუსეთში მოქმედი აფთიაქებისთვის, რადგან კონვერტაციის კურსი უცნობია ან მკვეთრად მოიმატებს. ერთი-ორი კვირის შემდეგ კი ეს უკვე აფთიაქებს დაეტყობა.

ამის შესახებ რუსეთის სიდიდით მეხუთე ფარმაცევტული კომპანიის Solopharm-ის გენდირექტორმა და დამფუძნებელმა ოლეგ ჟერებცოვმა novayagazeta.ru-ს განუცხადა.

„ფარმა ძალიან ინტეგრირებულია მსოფლიო სივრცეში. ჩვენ 521 მომწოდებელი გვყავს და მათი ნახევარი ევროპულია, 27 კი – ყველაზე კრიტიკული. დღეს ჩვენ ვისხედით და ვმსჯელობდით, რა გაგვეკეთებინა. როგორ შემოვიტანოთ რამე ევროპიდან, როგორ ავიღოთ ჩვენი რუბლი, მოვახდინოთ კონვერტაცია ევროში და გავაგზავნოთ და რამდენით გავზარდოთ ფასები წარმოებიდან. არის კიდევ ერთი პრობლემა: შესაძლოა ისე მოხდეს, რომ გარკვეულმა კომპანიებმა, ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მითითების გარეშეც აღარ იმუშაონ რუსეთთან, ანუ  უცხოური ფირმების ხელმძღვანელებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება ნედლეულისა და მასალების მოწოდების შეჩერების შესახებ. დღეს დისტრიბუტორების უმეტესობა უბრალოდ აჩერებს წამლების გადატვირთვას აფთიაქებში, რადგან კონვერტაციის კურსი უცნობია ან ხვალ გაიზრდება. ერთი-ორი კვირის შემდეგ ეს აფთიაქებსაც დაეტყობა,“ – განაცხადა ჟერებცოვმა.

მისივე განცხადებით, რთული სუბსტანციები მხოლოდ ევროპიდან შედის, ასევე ევროპაა ფილტრებისა და სახარჯი მასალების მიმწოდებელი.

ჟერებცოვის განცხადებით, მთელი ბიოტექნოლოგიები, რაც რუსეთშია, ამერიკული და ევროპულია, დაწყებული უჯრედების გასამრავლებელი ტომრებით.

„ბოდიში, მაგრამ „სპუტნიკის“ წარმოება, როგორც ჩანს, შეწყდება, რადგან რეაქცია სპეციალურ ტომარაში მიმდინარეობს. ის სტერილური და საკმაოდ რთულია. ჩვენ ისინი არასდროს გვიწარმოებია და ევროპელებთან კონსულტაციის გარეშე უახლოეს მომავალში რუსეთში ვერც ვაწარმოებთ,“ – განაცხადა ოლეგ ჟერებცოვმა.

jandacva.ge