ჯანდაცვა
28/09/2023

სახელმწიფო მთელ რიგ სამედიცინო სერვისებში ბიზნესის მონაწილეობას ზღუდავს

სისხლის დონაცია, ორგანოთა გადანერგვა, ინვიტრო და სუროგაციული სერვისები - ეს იმ სფეროების ჩამონათვალია, რომელშიც სახელმწიფო კომერციულ ინტერესს ზღუდავს.

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად სუროგაცია და ინვიტრო მომსახურებები უცხოეთის მოქალაქეებისთვის აიკრძალება და ასევე შეიზღუდება კომერციული სუროგაცია.

რეპროდუქციული კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მათ დარგს დააზარალებს. ჯანდაცვის სამინისტრო კი მათ პასუხობს, რომ მათთვის პრიორიტეტი პაციენტისა და ბავშვის უფლებებია.

„გვესმის, რომ გარკვეული დანაკარგი ქვეყნის ეკონომიკას ექნება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება არასამართლიანი და ხშირად ღირსებაშემლახველი ბიზნესის ხარჯზე. აქ საუბარი, რა თქმა უნდა, არაა იმ კლინიკურ სექტორზე და დარგის წარმომადგენლებზე, რომლებიც მაქსიმალურად და დიდი ძალისხმევით მუშაობენ იმაზე, რომ ყველა შემთხვევა, რომელიც მათთან მოხვდება, იყოს წარმატებული და ამიტომაა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. თუმცა ამის მიღმა მიდის მთელი რიგი პროცესები, რაც ჯანდაცვის სფეროს ინტერესებს და კომპეტენციას სცილდება. ამდენად, საერთო ანალიზის შემდეგ ჩაითვალა, რომ ეს რისკები არის იმდენად მაღალი რისკი, რომ ეკონომიკური წილი ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ კანონპროექტის განხილვისას.

კომერციული კომპონენტს გამორიცხავს ორგანოთა შესახებ კანონპროექტიც, რომელმაც, სწორედ ამ მიზეზით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და გამორიცხული უნდა იყოს კომერციული გარიგება ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემისას.

გათვალისწინებულია სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და, შესაბამისად, მართვის ცენტრალური ბაზის შექმნა.

კიდევ ერთი სფერო, საიდანაც კერძო სექტორის კომერციული ინტერესი გამოირიცხება, სისხლის დონაციაა. 2025 წლის 1 ივლისიდან, სისხლის დონაცია დაეფუძნება ნებაყოფლობითობისა და უანგარობის პრინციპებს.

ამ პერიოდიდან  სისხლის ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაბარება კანონით აკრძალული იქნება. უანგარო დონორების წილი ყოველწლიურ დონაციებში, დაახლოებით, 40%-ია, დანარჩენი დონორები ახლობლისთვის აბარებენ სისხლს, ან - ფულადი გასამრჯელოს ნაცვლად. 

„სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ უანგარო დონორების წილი, მოხდეს უანგარო დონორების მოზიდვა და ამავდროულად, ვიმუშაოთ მათ შენარჩუნებაზე რეგულარულ დონორებად, ვინაიდან უანგარო რეგულარული დონორები არიან ქვეყანაში უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის მარაგების შექმნის გარანტი,“ - განაცხადა გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა (ყველა სახის) ამჟამინდელი 16%-დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს.

jandacva.ge

Businesspartner