ჯანდაცვა
17/02/2023

მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი ელექტრონული სისტემით განხორციელდება

ჯანდაცვის სამინისტრომ, ელექტრონული სისტემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება. ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, ცვლილებით, მარეგულირებელი, ქვეყანაში არსებული წამლების მიმოქცევის, მარაგების, საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ფასების თაობაზე ინფორმაციას ელექტრონულად მიიღებს.
 
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული კომპანია, რომელსაც მარაგების აღრიცხვის საკუთარი ელექტრონული სისტემა (პროგრამა) გააჩნია, ჯანდაცვის სამინისტროს, ინფორმაციას საკუთარი ელექტრონული სერვისების საშუალებით გადასცემს.
 
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორს, რომელსაც არ გააჩნია მარაგების აღრიცხვის საკუთარი სისტემა, ინფორმაცია შეაქვს უშუალოდ სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში. მომხმარებლის სახელი და პაროლი ორგანიზაციებს იმ ელ-ფოსტაზე დაეგზავნებათ, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაშია მითითებული.
 
ტრენინგის საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს, 22 თებერვლამდე მიმართოს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – drugmonitor@ita.gov.ge. გადმოგზავნილ ინფორმაციაში უნდა მიუთითოს: ორგანიზაციის დასახელება, ობიექტის მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საკონტაქტო პირი.
 
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მუშაობს ცხელი ხაზი – 032 2 510021 (შიდა ნომერი – 1616) და ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge
 
ელექტრონული სისტემა 2023 წლის 1-ელ მარტამდე საპილოტე რეჟიმში იმუშავებს. 1-ლი მარტიდან 15 მარტამდე, დამრღვევი დაწესებულება მხოლოდ გაფრთხილებას მიიღებს. 15 მარტიდან კი ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის ხელმისაწვდომობის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში – სამართალდამრღვევი 5000 ლარით დაჯარიმდება.