ჯანდაცვა
22/02/2023

მედიკამენტების იმპორტიორებს აფთიაქების ფლობა უნდა აეკრძალოთ – ექსპერტის შეფასება

რა პრობლემებს ქმნის აფთიაქების სიჭარბე და როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას ისაუბრა?

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას იმაზე სამჯერ მეტი აფთიაქი აქვს, ვიდრე რეალურად სჭირდება და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს წამლების დეფიციტის ერთერთი მიზეზი.

„იმისთვის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას, სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაერთოს.  საკმარისი არაა მხოლოდ რეგულაციები. თუ დღეს რომელიმე მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტები გვექმნება, სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ, სადაც შემოდის ზარები და პრეტენზიები, როცა კონკრეტულ მედიკამენტებს კონკრეტული აფთიაქები არ გასცემენ. ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი აფთიაქია – იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ამ აფთიაქების გაფანტულობის გამოც შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემები. აქ შეიძლება მცდელობებთან გვქონდეს საქმე, მაგრამ რეაგირება და მონიტორინგი კარგად მუშაობს,“ – განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა რაიმე რეგულაციის განხორციელება.

ჯანდაცვის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აფთიაქების რაოდენობის შეზღუდვის პრაქტიკა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს და გამოსავალია ის რეგულაცია, რომელიც ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, კერძოდ, მედიკამენტების იმპორტიორს არ უნდა ჰქონდეს აფთიაქების ფლობის უფლება.

„იმპორტიორის მიერ აფთიაქების ფლობა ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და კონკურენციას აზარალებს. აფთიაქები უნდა იყოს დამოუკიდებელი მოთამაშე. ჩვენთან კი მთელ სააფთიაქო ბაზარს ფაქტობრივად 3-4 კომპანია ქმნის, რომლებიც აფთიაქების ქსელებს ფლობენ. ეს არ არის კონკურენცია. ამიტომ უნდა მოხდეს ამ ორი სფეროს გამიჯვნა, რათა ფასთა კონკურენცია გაჩნდეს. ეს არაერთმა ქვეყანამ გააკეთა, მათ შორის თურქეთმა,“ – განაცხადა თენგიზ ვერულავამ და აღნიშნა, რომ აფთიაქების რაოდენობას ფასწარმოქმნაზე არანაირი გავლენა არ აქვს, ხოლო აფთიაქების სიმრავლე იმის შედეგია, რომ კომპანიები, არასათანადო კონკურენციის შედეგად, დიდ მოგებაზე გავიდნენ და, შესაბამისად, ბევრი ობიექტის გახსნის შესაძლებლობა აქვთ. ჯანსაღი კონკურენციის შექმნის გზად კი ექსპერტი იმპორტიორებისა და რეალიზატორების გამიჯვნას ასახელებს.