ჯანდაცვა
10/10/2023

კლინიკების წარმომადგენლები  სამინისტროსგან კოეფიციენტების გადახედვას ელიან

კლინიკების დაფინანსების ე.წ დიარჯის (DRG) მოდელის ამოქმედებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, სამედიცინო სექტორი ცვლილებების მოლოდინშია. კლინიკების წარმომადგენლები  სამინისტროსგან კოეფიციენტების გადახედვას ელიან.

როგორც „ჯანდაცვის ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია მახარაშვილმა  „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა,  სამინისტროს უკვე დაუგროვდა გარკვეული მონაცემები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც უწყება უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ,  კლინიკებთან ერთად გადახედავს დაფინანსების არსებულ მოდელს და კოეფიციენტებს დააკორექტირებს. 

მისივე თქმით, უკვე საკმაოდ გააქტიურებულია ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოება, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა, იმისთვის რომ სამინისტროს ქონდეს წვდომა დეტალურ კალკულაციაზე და დარწმუნდეს იმაში, რომ დაფინანსების არსებული მოდელი რიგი სამედიცინო მანიპულაციებისთვის საკმარისი არ არის.

„ელექტრონულ წარმოებაზე სრულად გადასვლაზეა საუბარი, რომელშიც დეტალურად ჩანს კალკულაცია რას მოიცავს. ეს სამინისტროს საშუალებას მისცემს ანალიზი გაუკეთონ ჩვენს მიერ მიწოდებულ მონაცემებს. ამ მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ დაისმევა საკითხი და გადაიხედება საბაზისო ღირებულებები, კოეფიციენტები და მეტად იქნება მორგებული სექტორის საჭიროებებზე.“-აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

მისივე განმარტებით, DRG-ის  ამოქმედების შემდეგ დაფინანსება განსაკუთრებით არ ყოფნის  ისეთ ოპერაციებს, რომელიც მაღალტექნოლოგიურ ჩარევებს მოითხოვს.ასეთი მაგალითად კარდიოლიგიური მიმართულება და ისეთი ოპერაციებია რომელიც სწორედ შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, ნაკლებ ტრამვულად ითვლება პაციენტებისთვის.

„მთავარია კოეფიციენტები იყოს იმდაგვარად ჩამოყალიბებული, რომ ვიღებდეთ ხარჯის ადეკვატურ დაფინანსებას. არის რაღაც მიმართულებები, სადაც არ ჯდება ისეთი ძვირი და შეიძლება ამ კუთხით შეამცირონ კიდეც კოეფიციენტები და არის რიგი მიმართულებები, სადაც პირიქით. ზრდა არის აუცილებელი. მაგალითად ასეთია, კრიტიკული მიმართულება - რეანიმაცია სადაც კატასტროფაა, მაღალტექნოლოგიურ მიმართულებაში ძალიან გვიჭირს. მაგალითად გულის ოპერაციის დროს, სამედიცინო საგნები რომელსაც იყენებს ქირურგი ღირს 40 000 რანაირად ჩაეტყევა ეს ხარჯი 10 000-ში.“-აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

ცნობისთვის, DRG ანუ დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანასების მოდელი ჯანდაცვის სექტორში   გასილი წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ეს მოდელი საკეისრო კვეთაზე და მშობიარობაზეც გავრცელდება.