კლინიკები შემოწმების სიხშირის ზრდას აპროტესტებენ
ჯანდაცვის ასოციაცია ნეგატიურად შეხვდა იმ კანონპრტოექტის მიღებას, რომელიც კლინიკების შემოწმების ფორმატის გამკაცრებას გულისხმობს.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ საბოლოოდ, მესამე კენჭისყრით დაამტკიცა.
შედეგად, 1 აგვისტოდან ძალაში შედის არა მხოლოდ გაორმაგებული ჯარიმები, არამედ კლინიკების შემოწმების გამკაცრებული წესი. კერძოდ, მანამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, რეგულირების სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისთვის აღარ დასჭირდება სასამართლოს ნებართვა, თუმცა შესვლის პარალელურად შემოწმების დაწყების შესახებ მარეგულირებელმა სასამართლოს უნდა აცნობოს. გარდა ამისა, მაკონტროლებელს ეძლევა უფლება, სამედიცინო დაწესებულება გეგმიური შემოწმების ფარგლებში წელიწადში 1-ის ნაცვლად 3-ჯერ შეამოწმოს.
სწორედ ეს პრინციპი იწვევს ჯანდაცვის კერძო სექტორის ყველაზე დიდ უკმაყოფილებას. ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის მაია მახარაშვილის თქმით, საუბარია სამი სახის გეგმიურ შემოწმებაზე - სანებართვო პირობებთან შესაბამისობაზე, ლიცენზირებისა და გეგმიურ მონიტორინგზე. შესაბამისად, მისი მტკიცებით, ამ სამივე მიმართულებით მრეგულირებელს შეუძლია 3-3 ჯერ შეამოწმოს კლინიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში 9-ჯერ შესვლის უფლება ექნება. ეს კი, მახარაშვილის თქმით, ნიშნავს, რომ კლინიკაში შემოწმება პრაქტიკულად ყოველთვე უნდა განხორციელდეს, რაც ადმინისტრაციული თვალსაზრისით რთულია და კლინიკის მუშაობის შეფერხების რისკებსაც შეიცავს.
მაია მახარაშვილისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ კანონის ინიციატორები იმის შესახებ, რომ პროექტი დაჩქარებული წესით არ მიღებულა, რადგან, მისი თქმით, რეალურად პროცესები ძალიან სწრაფად წარიმართა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სამინისტროს მხრიდან ამ საკითხში ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს დანაშაულზე ხდება რეაგირება.
„კანონპროექტის პირველ რედაქციაში სასამართლო რგოლი საერთოდ აღარ არსებობდა. კარგია, რომ ეს დაბრუნდა, თუმცა გაფრხლების გარეშე შემოსვლის უფლება რეგულირების სააგენტოს მაინც დარჩა. მართალია აღარავინ აღარ შეატყობინებს სასამართლოს შემოსვლის გადაწყვეტილებას და თვითონვე იძახიან, რომ 100 შემთხვევაში სასამართლო 100-ს უკმაყოფილებს, მაგრამ გარკვეულწილად ფილტრი რჩება,“- აღნიშნა მაია მახარაშვილმა.