ჯანდაცვა
17/07/2023

"DRG-ში ცვლილებები ანალიტიკის საფუძველზე შევა" - რა მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო

ჯანდაცვის ასოციაცია მიესალმება DRG-ის შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას. როგორც ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა, ყველა ქვეყანაში, სადაც კლინიკების დაფინანსების აღნიშნული სისტემა მუშაობს, ასეთი ინსტიტუცია მოქმედებს.

„ესაა ორგანო, სადაც ხდება DRG-ს მიმდინარეობის შეფასება, ანალიტიკა და სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები სისტემაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ეს კი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ გადაწყვეტილებები არა ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ, არამედ კომისიურად, ანალიზის საფუძველზე იქნას მიღებული,“ - აღნიშნა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, საბჭოს შექმნის შემდეგ ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები, რომელთა ფუნქციაც იქნება კომენტარების შესწავლა, მონაცემების დათვლა, გაანალიზება და ა.შ.

„ასეთი ინსტიტუციის არსებობაზე საუბარი იყო  ექსპერტებთან და ჯანმოს სპეციალისტებთან შეხვედრაზე. დიარჯი სისტემა პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა, ახლა კი, როცა ის აქტიურად ამოქმედდა, ამგვარი ორგანოს შექმნა აუცილებელი გახდა,“ - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

მისი თქმით, საბჭოს მუშაობის დეტალები მათთვის ჯერ უცნობია და არც ასოციაციას მიუღია მიწვევა, თუმცა ელოდება, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება ისევე, როგორც წინა თვეებში მიმდინარეობდა ასოციაციის მხრიდან საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნების გაზიარება სამინისტროსთვის.

მისი თქმით, DRG არაა სტატიკური სისტემა, ის მუდმივად საჭიროებს განახლებასა და ცვლილებებს და მისი სრულფასოვნად დანერგვისთვის 5 წელი მაინცაა საჭირო.

ცნობისთვის: DRG-ის მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის მართვისა და ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

საბჭოს მიზანია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში DRG მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება, არსებული პრობლემების მოგვარებისათვის სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; DRG მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ხარჯთეფექტურობის მიზნით წინადადებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება; DRG მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში სიტუაციის სისტემატური თვისობრივი ანალიზის შედეგების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები, სათათბირო სტატუსით მონაწილე წევრები, ასევე საჭიროებისამებრ, მოწვეული სხვა სპეციალისტები.

მუდმივმოქმედი წევრები არიან: ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საქსტატის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

საბჭოს მუშაობაში სათათბირო სტატუსით მონაწილეობა კი ეთხოვებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს და დარგობრივ ასოციაციებს, სხვა დაწესებულებების ან არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელებს.

საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG სისტემა გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. მისი ამოქმედების შემდეგ კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან პერიოდულად შეხვედრებს მართავს და სისტემის მიმდინარეობის საკითხში საკუთარ შეფასებებს უზიარებს.

jandacva.ge