ჯანდაცვა
11/04/2023

"არის ფაქტები, როცა პაციენტის გადასახდელი თანხა 4-5 ათას ლარს აღწევს“

ხშირია ფაქტები, როცა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ფარგლებში თანაგადახდის შემთხვევაში პაციენტს 4-5 ათასი ლარის გადახდა უწევდეს. ამიტომ სახელმწიფომ მიიღო ამ ფინანსური ტვირთის შემცირებისა და თანაგადახდის „ჭერის“ დაწესების გადაწყვეტილება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნესპოსტი“ გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, დიარჯის ამოქმედებიდან დღემდე, პაციენტების თანაგადახდები განახევრდა, ამის შემდეგი ეტაპი კი იყო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც თანაგადახდაზე კონკრეტული ლიმიტების დაწესებაში გამოიხატა.

კერძოდ, მათთვის, ვინც 10%-იანი თანაგადახდით სარგებლობს (ძირითადად პენსიონრები), თანხის მაქსიმალური „ჭერი“ 500 ლარია, ანუ თუ კონკრეტული სამედიცინო სერვისის ღირებულების 10% 500 ლარს აჭარბებს, პაციენტი მაინც 500 ლარს იხდის, დანარჩენს კი სახელმწიფო ფარავს. 20%-იანი თანაგადახდით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარია, 30%-ით მოსარგებლე  პაციენტებისთვის კი (ესაა თვეში 1000-დან 3400 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეები) 1500 ლარი.

„იყო აზრთა სხვადასხვაობა და მინდა განვმარტო: ესაა მაქსიმალური ლიმიტი. ანუ თუ 30%-ის შემთხვევაში პაციენტს უწევს 800 ლარის გადახდა, ის ამ თანხას გადაიხდის, ხოლო თუ ეს თანხა 1500 ლარზე მეტია,  ამაზე მეტის  გადახდა არ მოუწევს,“ – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ეს მოაგვარებს იმ პრობლემასაც, როცა რთული და ძვირადღირებული ჩარევების დროს, პაციენტებს სჭირდებათ დამატებითი თანხების მოძიება მუნიციპალიტეტებიდან, რაშიც დროს ისინი კარგავენ.

jandacva.ge