9 თვეში, საყოველთაო ჯანდაცვით, კარდიოლოგიური სერვისები ₾60 მლნ-ით დაფინანსდა
კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებით, 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 60 მილიონამდე ლარით 12 000 ადამიანის 14 000 შემთხვევა დაფინანსდა.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გულით დაავადებულ პაციენტებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს:
პროგრამის ყველა მოსარგებლისთვის მაღალტექნოლოგიური კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი სრულიად უფასოა;
ბენეფიციარებს მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, 0 - დან 30 % - მდეა;
გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობას/ოპერაციას, ბენეფიციარის ჯანდაცვის სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, სახელმწიფო 70 - დან 100% - მდე აფინანსებს;
აბლაციები 3500-დან 12000 ლარამდე ფინანსდება;
სტენტირების ღირებულებას, ტარიფის მიხედვით, სახელმწიფო ანაზღაურებს;
ლიმიტის ფარგლებში, მედიკამენტებს უსასყიდლოდ იღებენ: პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები, ვეტერანები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
აღნიშნულ მონაცემებს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში აღინიშნება. ესაა გლობალური კამპანია, რომლის მთავარი მიზანია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათი წარმოშობის მიზეზებისა და პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.