უნაღდო გადახდის ინსტრუმენტების გამოყენება გააქტიურდა - როგორ შეიცვალა მომხმარებელთა ქცევა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უნაღდო გადახდის ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებელთა ქცევა საგრძნობლადაა შეცვლილი. ბოლო პერიოდში ბარათით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის წლიური ზრდა 45%-ს აჭარბებს და ბოლო მონაცემებით უნაღდო გადახდების 80%-ზე მეტია.
საფინანსო ინსტიტუტების მარეგულირებელში განმარტავენ, რომ მზარდია საბანკო გადარიცხვების გამოყენებაც. "ბიზნესპარტნიორის" კითხვებს ეროვნულ ბანკში პასუხობენ:
- როგორია სტატისტიკა მომხმარებელთა ქცევის თვალსაზრისით?
- უკანასკნელი წლების განმავლობაში, შეინიშნება მომხმარებლების ქცევის ცვლილება უნაღდო გადახდის ინსტრუმენტებთან მიმართებაში. ამ მხრივ მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია საბარათე ინსტრუმენტები, რომლებიც ძირითადად მცირე თანხების გადასახდელად გამოიყენება. ბოლო პერიოდში ამ ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის წლიური ზრდა 45%-ს აჭარბებს და ბოლო მონაცემებით უნაღდო გადახდების 80%-ზე მეტია. ასევე იზრდება საბანკო გადარიცხვების გამოყენება. მათი რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 18-20%-ით იზრდება, თუმცა თანხობრივად უნაღდო გადახდების 70%-ს აჭარბებს. ამგვარად მომხმარებელი შედარებით მსხვილი გადახდებისას უპირატესობას ანიჭებს საბანკო გადარიცხვებს, სადაც ძირითადი წილი ინტერნეტ-ბანკის გადახდებზე მოდის, ხოლო თანხობრივად შედარებით მცირე, საცალო გადახდებისას ძირითადად საბარათე ინსტრუმენტებს იყენებს.
რაც შეეხება ნაღდი ფულის გამოყენებას, ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საბანკო ანგარიშებიდან (მათ შორის ბანკომატებიდან) თანხის გატანა გაცილებით უფრო ნელი ტემპებით იზრდება, ვიდრე უნაღდო გადახდები, რაც ვფიქრობთ, ასევე ასახავს ზოგად ტენდენციას, რომ მომხმარებლის ქცევა იცვლება უნაღდო გადახდების მიმართ.
- რამდენად პერსპექტიულია ლარის გაციფრულება?
- ვალუტის გაციფრულება საკმაოდ ფართო ცნებაა. უნაღდო დისტანციური საშუალებების გამოყენებით გადახდები უკვე ლარის გაციფრულებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, სადაც წამყვან როლს ინტერნეტ-ბანკი, მობილური ბანკინგი და საბარათე გადახდები თამაშობენ და გადახდების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე სრულად ციფრულ სამყაროში ხორციელდება. თუმცა, კრიპტოგრაფიული აქტივების გაჩენასთან ერთად კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდა საგადახდო სფეროში ციფრული ტრანსფორმაციისათვის, მათ შორის განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიით (ე.წ. DLT) ტრანზაქციების დეცენტრალიზებულად განხორციელების თვალსაზრისით. ამ მხრივ ეროვნული ბანკი აკვირდება/ სწავლობს საერთაშორისო პრაქტიკას და მუშაობს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვით საგადახდო სფეროს ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გაზრდის შესაძლებლობებსა და ასევე ამ პროექტის ტექნიკურად განხორციელების ალტერნატივებზე, მათ ძლიერ მხარეებსა და მოსალოდნელ რისკებზე.
- რამდენად უწყობს ხელს პანდემია უნაღდო გადარიცხვების გააქტიურებას?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნაღდო გადახდები პანდემიამდეც საკმაოდ მაღალი ტემპებით ვითარდებოდა, 2020 წლის აპრილ-მაისში გადახდების საერთო მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, უნაღდო გადახდებმა საკმაოდ მალე აღადგინეს პანდემიამდელი ზრდის ტემპები. უკვე ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საბანკო გადარიცხვების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში ფიქსირდებოდა. მართალია ჯერ საბოლოო შეფასებისათვის ადრეა, თუმცა არის ნიშნები, რომ პანდემიამ გარკვეულწილად დააჩქარა უნაღდო გადახდების ზრდის ტემპები.
- ტექნოლოგიურად რამდენად მზად შეხვდა საბანკო სექტორი უნაღდო ანგარიშსწორების ტენდენციის ცვლილებას?
- უნაღდო გადახდის დისტანციური საშუალებები საკმაოდ კარგად იყო განვითარებული საქართველოში. ყველა ბანკის მომსახურების მიღება შესაძლებელია ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით. ასევე ბანკების უმრავლესობას განვითარებული აქვს მობილური ბანკინგი. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით სწრაფად სწორედ მობილური ბანკინგი ვითარდება, რაც მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის საბანკო მომსახურების დისტანციურად მიღებას..
ბანკები ინტენსიურად მუშაობენ თავიანთი დისტანციური მომსახურების არხებში ახალი პროდუქტების დანერგვაზე, რაც უფრო უკეთესად უპასუხებს პანდემიის გამოწვევებსა და ხელს შეუწყობს უნაღდო დისტანციური გადახდების განვითარებას.
- როგორია ვითარება რეგიონებში ამ თვალსაზრისით?
- მართალია დიდ ქალაქებთან შედარებით რეგიონებში ნაკლებადაა განვითარებული საბარათე ინფრასტრუქტურა, თუმცა ამ მიმართულებითაც შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია და იზრდება საბარათე გადახდის ტერმინალების რაოდენობა რეგიონებშიც. ასევე აღსანიშნავია, რომ ინტერნეტზე წვდომის გაუმჯობესება და ინტერნეტ-ბანკის და მობილური ბანკინგის განვითარება ასევე ხელს შეუწყობს რეგიონებში უნაღდო გადახდების განვითარებას.