შიდა ვალი ₾7 მლრდ-მდე იზრდება
მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს და 2022-ში საშინაოს ზრდის. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფინანსება 1.3 მლრდ ლარით იზრდება და 2022 წლის ბოლოს ნაშთი 6.957 მლრდ ლარს მიაღწევს.
ამის საპირისპიროდ, 2021 წელს იყო კლება, 150 მლნ ლარით და 2021 წლის ბოლოს ნაშთი 5.657 მლრდ ლარამდე მცირდება.
შიდა ვალის 1.3 მლრდ-ით გაზრდა ნიშნავს, ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკებისგან უფრო მეტი ვალის აღებას, 1-დან 10 წლამდე ვადით. მეტი მიწოდება გაუძვირებს თუ არა მთავრობას საბიუჯეტო სახსრებით ნასესხებ ფულს, უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია რომ 2022 წლის გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებიდან ინფლაციაზე წნეხს, ეროვნული ბანკი გაანეიტრალებს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკით.
რაც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას მოიაზრებს. მონეტარული პოლიტიკის ძირითად განაკვეთზე მიბმულია სამთავრობო ობლიგაციების პროცენტიც და მოსახლეობის სესხებიც. როგორც იცით უზრუნველყოფილი კრედიტების უმეტესობა ცვლადგანაკვეთიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზრდილი ბიუჯეტით მომატებული წნეხი ნეიტრალდება მომხმარებლის ხარჯზეც. მთავრობა გაზრდილ ხარჯს ბიუჯეტიდან გადაიხდის, მომხარებელი კი ჯიბიდან.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფისკალური კოლსოლიდაციისთვის გარდაუვალია. და განაკვეთის გაზრდა არ იქნებოდა საჭირო, თუ ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ზე ნაკლებზე დაიგეგმებოდა. 4.4%-ში კოვიდის ხარჯის წილი მხოლოდ 0.5% -ია. დეფიციტი ძირითადად კაპიტალური ხარჯებითაა გაზრდილი.
2022 წელს მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან 22%-მდე უნდა შემცირდეს და პანდემამდელ 21.5%-ს მიუახლოვდეს. 2020-ში ეს კოეფიციენტი 26.2%-მდე გაიზარდა, 2021-ში 24.7%-მდე შემცირდა.
61%-მდე გაზრდილი მთავრობის ვალი 52.7%-მდე მცირდება, აქედან 0.6% კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონით აღებული ვალის ღირებულების წილია.
3.173 მლრდ-ია ვალდებულებების წმინდა ზრდა, მათ შორის საშინაო ფასიანი ქაღალდებისთვის, 1.3 მლრდ, საინვესტიციო კრედიტები 1.9 მლრდ; 1.2 მლრდ - საბიუჯეტო დახმარება; ვალის დაფარვის მაჩვენებლი - 1.230 მლრდ ლარი.