ფინანსები
25/07/2022

"საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის დროა"

ინტერვიუ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურ დირექტორთან მიხეილ ჯაფარიძესთან

–  მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების დახმარების თხოვნით განცხადებების გავრცელება საქართველოსთვის ჩვეული პრაქტიკაა, რომელიც, მიუხედავად  ახალი სახელმწიფო პროგრამების ამოქმედებისა, აქტუალობას არ კარგავს.  ყველაზე ხშირად ისმის მოთხოვნა, რომ „დაშენების“ უფლება ჰქონდეს ყველას და არა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს.

–  ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა მოიაზრებს, არის საყოველთაოობის პრინციპი ანუ ის ლოგიკა, როდესაც ყველა მოქალაქეს აქვს მინიმალური (საბაზისო) პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე აუცილებელ და საჭირო სამედიცინო სერვისებს (ონკოლოგიური სერვისები, კარდიოლოგია, გადაუდებელი სერვისები და ა.შ.). გამოწვევა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ ვმართავთ ამ სისტემას, რადგან დღევანდელი სისტემა უკიდურესად არაეფექტურია (რასაც ბოლო კვლევებიც ადასტურებს), რაც იწვევს სახელმწიფოსთვის მუდმივად მზარდ დანახარჯებთან გამკლავებას და ჩვენნაირი მოკრძალებული ეკონომიკის პირობებში შესაძლოა, ეს უმძიმეს ტვირთად იქცეს – თუ უკვე არ იქცა – ჩვენი ქვეყნისთვის.

დღევანდელი სისტემით არის ერთი მონოპოლისტური დამფინანსებელი – სახელმწიფო, რომელიც ცდილობს მართოს მზარდი ხარჯები გარკვეულ სერვისებზე ფასების ფიქსაციით (მაგალითად, 520-ე დადგენილება), ანაზღაურების ვადების დაგრძელებით, კლინიკების შემოწმება-კონტროლით და ა.შ., რაც თავის მხრივ იწვევს გაუგებრობას და წინააღმდეგობას სამედიცინო სექტორში. ყველაფერთან ერთად გამოტოვებულია ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი – ფინანსური სექტორი, რომელიც ამ პროცესის ეფექტურობას გაზრდიდა.

–   როგორ უნდა გაიზარდოს ეფექტურობა?

– სახელმწიფომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში უნდა მიხედოს მოწყვლად ჯგუფებს და მათ საჭიროებებს, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი უნდა იყოს იგივე საბაზისო პროგრამით დაზღვეული, მაგრამ კერძო კომპანიებში, სადაც ძალაუფლება თუ ვინ რომელ კომპანიაში დაეზღვევა – იქნება მომხმარებლის (დამსაქმებელი კომპანიების) ხელში.

მინიმალური პროგრამის ზემოთ კი ყველა თავად გადაწყვეტდა, რა დაემატებინა („დაეშენებინა“) თავისი სურვილით საბაზისო დაფარვისთვის. ეს სისტემა შეამცირებდა წნეხს ბიუჯეტზე, გაზრდიდა კონკურენციას, ხარისხსა და გამჭვირვალობას სამედიცინო სექტორში, რითაც საბოლოო ანგარიშით ისევ მომხმარებელი დარჩებოდა მოგებული. დამსაქმებელი თავის მხრივ მიიღებდა გარკვეულ საგადასახადო შეღავათს დაზღვევის შეძენისთვის, რაც ბევრად ნაკლები დანაკარგი იქნებოდა ბიუჯეტისთვის, ვიდრე დღევანდელი რთულად გასაკონტროლებელი და გადაჭარბებული დანახარჯები საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში.

– წლებია, ეს პრობლემაა, თქვენი აზრით, რატომ არ დგამს სახელმწიფო ნაბიჯებს ამ კუთხით? იმიტომ, რომ სავალდებულოობის შემოღებას ერიდება თუ ვერ ჩამოყალიბდა, რომელი მოდელია მისაღები?

–   დიახ.  მართალია წლებია საუბარია ამ სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, თუმცა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით კონკრეტული ნაბიჯები ვერა და ვერ გადაიდგა. სავალდებულოობა საგადასახადო შეღავათის პირობებში სავსებით შესაძლებელია და იმაზე მეტ სარგებელს მოიტანს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

– ახალი სქემის ამოქმედება რას შეცვლის მომხმარებლებისთვის – პაკეტების ფასების და პირობების კუთხით?

– ზოგადად კერძო სექტორში კონკურენციის გაზრდა ამცირებს ფასებს და აუმჯობესებს სერვისებს. ეს ისედაც ყველამ ვიცით. ფაქტია ისიც, რომ ყოველგვარი სავალდებულოობის გარეშეც ქვეყანაში არსებობს ძალიან კონკურენტული სამედიცინო დაზღვევის ინფრასტრუქტურა ასობით ათასი დაზღვეულით ანუ ხალხს ჭირდება კერძო სადაზღვევო სერვისები და თავად სახელმწიფო ამ რესურსს, ამ ეკოსისტემას ვერ იყენებს, რაც ძალიან უცნაურია და დასანანია.

– აღნიშნულ საკითხზე თუ მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონსულტაციები ხელისუფლებასთან და რამდენ წლიან პერსპექტივაში შეიძლება მივიღოთ ცვლილება?

– რამოდენიმეჯერ იყო მსჯელობა, თუმცა წინ ვერ წავიწიეთ. შესაძლოა ჩვენ, სადაზღვევო ინდუსტრიას, არ გვეყო არგუმენტები, თუმცა რეფორმაში მონაწილეობის მზაობა მუდმივად გვაქვს და ვფიქრობთ რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის.

– ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო კლინიკებს შორის, ტარიფების გამო, ურთიერთობა დაიძაბა. როგორაა ურთიერთობა სადაზღვევო სექტორთან? ხედავთ პარტნიორობის სურვილს სახელმწიფოსგან?

–   მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ არ ვსაუბრობთ რაიმე ტიპის დოტაციაზე ან რომელიმე ინდუსტრიისთვის პრივილეგიების მინიჭებაზე. ჩვენ ყველანი უნდა ვესწრაფოდეთ ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის შენებას და შედეგი თავისთავად დადგება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადაზღვევო კომპანიების სისტემიდან ამოგდებით განტოლების მნიშვნელოვანი ელემენტი გვაქვს გამოტოვებული და შემდეგ გვიკვირს, შედეგი რატომ არის არასახარბიელო.

jandacva.ge