საპენსიო სააგენტო უფრო "ფრთხილ" პოლიტიკაზე გადადის
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ კრიზისი სააგენტოს აქტივებს არ შეხებია, მომგებიანობა მაღალია და რისკები დაზღვეული.
მელიქიძე ელოდა, რომ ინფლაციის ტრენდი დაღმავალი იქნებოდა, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა ინფლაციის მაღალი ტრენდი კიდევ შენარჩუნდეს გარკვეული პერიოდი, მათ შორის, რეგიონში მიწოდების ჯაჭვის დარღვევის გამო, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაიწყებს რეგიონის კრიზისი განელებას. ელის, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევარში, მესამე მეოთხე კვარტალში დაღმასვლას მაინც დაიწყებს.
მისივე თქმით, აქამდე თუ აგრესიული ინვესტირებისთვის ემზადებოდნენ, მათ შორის დოლარში ინვესტირების ნაწილში, საერთაშორისო ბაზრებზე, ინდექსებში ინვესტირების თვალსაზრისით, ახლა ვითარება საკმაოდ ბუნდოვანია, ვოლატილობა გაზრდილია, ვითარება ყოველდღიურ რეჟიმში იცვლება და კონკრეტული ქმედებებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ერთი მხრივ ბირჟებზე ფასები დაბლა მოდის, რაც საინვესტიციოდ კარგი შესაძლებლობაა, თუმცა კრიზისის გაღრმავების ბუნდოვანი მოლოდინების გათვალისწინებით, მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან რის შემდგომაც უკვე გადავლენ კონკრეტულ ქმედებებზე.
„სტრარტეგია ნარჩუნდება, რომ გვაქვს დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი, რხევები ჩვენ არ შეგვხებია, მათზე დაწოლა არ მომხდარა და ისინი აგრძელებენ ზრდას. კრიზისმა გააჩინა მეტი დაწოლა გლობალურ ეკონომიკებზე, მაგრამ მეორეს მხრივ გააიაფა გარკვეული აქტივები და შეიძლება ამან გარკვეულწილად შესაძლებლობები გააჩინოს. დავინახავთ როგორ განვითარდება მოვლენები”, - აცხადებს სააგენტოს CIO.
საინვესტიციო გეგმები სააგენტოსთვის უცვლელია და პორტფელის დივერსიფიცირება კვლავ პრიორირებად რჩება, თუმცა ამისათვის ბაზრებს აქტიურ რეჟიმში აკვირდებიან.
„ჩვენ რომ გავაკეთოთ დივერსიფიკაცია, ჯერ უნდა გავაკეთოთ სავალუტო დივერსიფიკაცია, ანუ ჯერ ვალუტა უნდა ვიყიდოთ და შემდეგ გადავიდეთ გლობალურ ფასიან ქაღალდებში. ამ მიმართულებით, თუკი აქამდე მეტი აგრესიულობა გვქონდა, ახლა ოდნავ ე.წ „ტაიმაუტს“ ვიღებთ. ბოლო ორ კვირას თუ შევხედავთ, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდება, რა ეფექტი ექნება ამას საქართველოს, რეგიონისა და მსოფლიო ეკონომიკაზე“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.
ის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს, რაზეც ეფექტი გარდაუვალი იქნება. „სამი რამ შეიძლება ითქვას რასაც ეს კრიზისი გამოიწვევს - ერთი, რომ გლობალურ ეკონომიკურ ზრდებს შეაჩერებს; მეორე ინფლაციურ ფონს უფრო გაზრდის ვადაში და შეიძლება უფრო გაამძაფროს კიდეც და მესამე, გლობალური ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამოიწვევს ვოლატილობას“, - აცხადებს სააგენტოს CIO.
საპენსიო აქტივები 9 კომერციულ ბანკში იყო განთავსებული, თუმცა გუშინ თანხები ვითიბიდან სხვა ბანკში გადატანეს, თუმცა რომელში სააგენტო კომერციული საიდუმლოების გათვალისწინებით არ აკონკრეტებს. სააგენტო აცხადებს, რომ ვითიბიში მათი პორტფელის ძალიან უმნიშვნელო ნაწილი იყო , რაც ახლა სხვა ბანკშია.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე მონაწილეთა რაოდენობა თებერვლის მდგომარეობით, 1.083 მლნ ადამიანია, ხოლო აქტივების წმინდა ღირებულება კი 2.14 მლრდ ლარი. მთლიანი ამონაგები კი იმავე პერიოდში 300 მლნ ლარი.