"საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსდება თუ საკუთარი სახსრებით, მისი განვითარება შესაძლებელია”
ეკონომისტ ვახტანგ ჭარაია საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებით "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას აცხადებს, რომ საკითხი კომპლექსურად უნდა იქნას განხილული.
„მგონია, რომ „საპარტნიორო ფონდს“ ბიუჯეტი დააფინანსებს თუ თავის თავს დააფინანსებს, მისი განვითარება ორივე შემთხვევაში შესაძლებელია. მთავარია, ფონდს მოჰქონდეს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მასზე იხარჯება. ამ შემთხვევაში, არც ხელფასის გადახდაა პრობლემა, მით უმეტეს, რომ ეს ფონდი არის არა იმდენად ადგილობრივი რესურსის ათვსიებაზე ორიეტირებული, არამედ უცხოელი ინვესტორების შემოყვანაზე.
ამიტომ ვერ ვხედავ პრობლემას, სახელმწიფო აფინანსებდეს, მაშინ როდესაც ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებიდან ათეულობით მილიონი ლარის მოგებაზეა საბოლოო ჯამში საუბარი,“ - აცხადებს ჭარაია.
კითხვაზე, მაშინ როდესაც თავად „საპარტნიორო ფონდის“ მენჯმენტი აცხადებს, რომ აქვს იმის რესურსი, დაფინანსდეს მისივე შექმნილი პროექტებიდან და ტვირთად არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს, რამდენად გამართლებულია ასეთ დროს ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსება, ჭარაია განმარტავს, რომ კლასიკური გაგებით ეს ტვირთი არ არის, რადგან ფონდი ისედაც მომგებიანია.
„ტვირთი იქნებოდა, რომ ფონდი ითხოვდეს მარტო ხელფასს და არაფერი არ მოჰქონდეს, მაგრამ როდესაც მას მოაქვს სახელფასო ფონდზე 50-ჯერ მეტი, მაშინ ეს ტვირთი არ გამოდის.
თუ ჩვენ შევხედავთ იმ კუთხითაც, რომ თავისი თავი თვითონ დააფინანსოს, მაშინ რა გამოდის, არც იმ მოგებით ისარგებლებს მთავრობა, რომელსაც ფონდი მიიღებს. ამ დროს გამოდის, რომ მთავრობამ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რომლის მიღებაც მას შეეძლო. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ერთმნიშვნელოვნად ტვირთია ბიუჯეტისთვის „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსების შესაძლებლობა. ტვირთს შემოსავალი მოჰყვება და საბოლოო ჯამში პოზიტიურია.
არ ვავლებ მკაფიო ზღვარს, ალტერნატივებზე ვსაუბრობ. თუმცა, ფონდი რადგან უფრო მეტადაა მოგების მომტანი, ვიდრე ხარჯის გამწევი, სახელმწიფო ბიუეჯტზე მის ყოფნასაც გარკვეული არგუმენტი აქვს.
ფონდი მოგებას ნახავს, ფიქსირებული სახელფასო ფონდი ექნება და სამაგიეროდ მოგება ბიუჯეტში წავა,“ - აცხადებს ჭარაია.
ეკონომისტი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის დასათვლელი. დასაჯამებელია ფონდის სახელფასო ფონდი, როგორ იზრდება, როგორ ვითარდება. მათი ახალი სტრუქტურის პირობებში რამდენი იქნება ფონდის სახელფასო ფონდი. მისი მტკიცებით, ეს ყველაფერი უნდა შეეფარდოს იმ პოტენციურ მოგებას, რომელსაც ფონდი მიიღებს.
„ეს იქნება ერთი ვარიანტი. მეორე მხარეს იქნება ის, რომ არც ტვირთი გაქვს, არც შემოსავალი და ირიბად იღებ გარკვეულ შესაძლებლობებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო. ეს არის დასაქმებული ადამიანები და ასე შემდეგ,“ - აცხადებს ჭარაია.
შეგახსენებთ, დღეს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ – აფბა ეკონომიკის ანალიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, სადაც ფონდის რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესი განიხილეს.