ფინანსები
05/08/2022

სამცხე-ჯავახეთში გაჭიანურებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევით, სამცხე-ჯავახეთში 10 მასშტაბური პროექტია დაანონსებული, თუმცა დღემდე არცერთი მათგანი არ განხორციელებულა. 

ამ პროქტების მოსამზადებლად ხელისუფლებამ 1 102 844 ლარის ღირებულების 14 სადოკუმენტაციო პაკეტი იყიდა, რომელთაგან 1 023 244 ლარი (92.7%) პირდაპირი შესყიდვის ფორმით, ასევე, ტენდერებში უკონკურენტოდ მოგებულ კომპანიებთან გაფორმდა.

"დღეს ამ პროექტების განხორციელება რომ გადაწყვიტონ, შეძენილი დოკუმენტების ნაწილი გამოუსადეგარია, ნაწილს კი შეცვლა და შესაბამისად, ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გაწევა დასჭირდება", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ამბობენ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ დაბა ადიგენში, ჭავჭავაძის N2-ში მდებარე კულტურის სახლის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი შენობის ასაშენებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესაძენად 16 912 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში, პირდაპირი შესყიდვის წესით , შპს „სოც არქიტექტურასთან“ გააფორმა. შენობის დარბაზი მინიმუმ 300 კაცზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. თუმცა, ცხრა თვის მოგვიანებით, ადიგენის მერიამ, 2016 წლის მარტში, უკვე ნაყიდი პროექტის კორექტირებისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა და 13 300 ლარზე ხელშეკრულება იმავე კომპანიასთან გააფორმა, მაგრამ ადიგენში კულტურის სახლი ვერ აშენდა.

ადიგენის მერიამ უკვე არსებული პროექტის კორექტირებისა და დამატებითი ხარჯთაღრიცხვის შესადგენად ტენდერი, 2018 წლის მაისში უკვე 25 423 ლარზე გამოაცხადა. ტენდერი ჩაიშალა.

ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის ივლისში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ადიგენში, სრულიად სხვა ადგილას, ა. ბალახაშვილის N17-ში, ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, კულტურის სახლის მშენებლობისთვის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა და უკონკურენტოდ გამარჯვებულ კობა კაცაძესთან ხელშეკრულება 83 500 ლარზე გააფორმა.

ჯამში, ადიგენის კულტურის სახლის პროექტებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული 113,712 ლარად ნაყიდი სამი პროექტიდან,  ამ დრომდე, არცერთი არ განხორციელებულა. მეტიც, ბოლოს შესრულებული პროექტი, კორექტირებას საჭიროებს.

2018 წლის 24 მაისს მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ინტერმუნიციპალური პროექტი ააიპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა და რეგიონს საჩუქრად გადასცა. ამ დოკუმენტის საფუძველზე, იმავე წლის 11 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხეში, სოფელ ფარეხაში, ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა და 35,000 ლარზე ხელშეკრულება შპს „კოლოსთან“ გააფორმა. 2019 წლის 12 თებერვალს სახელმწიფომ ახალციხის მერიას ფარეხაში საკუთრებაში გადასცა
23 600 კვ.მ. ფართობი, სადაც 90-იან წლებშიც ცხოველთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა, თუმცა, დღემდეე ახალციხეში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი არ აშენებულა.

2012 წელს, „ახალციხის ციხის“ რეაბილიტაციის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ექსპონატების ნაწილი და
სამეცნიერო ბიბლიოთეკა ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარდაფში გადაიტანეს. რეაბილიტირებულ კომპლექსში
უნიკალური ფონდისთვის საკმარისი ადგილი არ აღმოჩნდა.

2017 წლის 15 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა მერმა, ზაზა მელიქიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ახალციხის ციხის“ გალავანთან ტერასული ტიპის ფონდსაცავი აშენდებოდა, სადაც სარდაფში შენახული ექსპონატები და ბიბლიოთეკა განთავსდებოდა. ამავე სხდომაზე, დეპუტატებმა ეროვნული მუზეუმისთვის მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემას დაუჭირეს მხარი. სხდომამდე, ორი თვით ადრე, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ახალციხის მერიის მიერ გამოყოფილ 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საცავებისა და არქეოლოგიური ბაზის უზრუნველსაყოფად, ტოპო-გეოდეზიური
აზომვისთვის შპს „ნიუ პროჯექტ გრუპს“ პირდაპირი შესყიდვით 800 ლარი გადაუხადა. ახალციხის მერიას ეს ტერიტორია მუზეუმისთვის დღემდე არ გადაუცია და ჯერ მხოლოდ ეროვნული მუზეუმის არქიტექტორთა ჯგუფის მიერ მომზადებული ესკიზური პროექტი არსებობს.

2016 წლის 18 მარტს, ქალაქ ახალციხის მერიამ, იაძის N12-ში მდებარე N4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადგილზე, ახალი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის აშენების მიზნით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ხელშეკრულება 40,000 ლარზე უკონკურენტოდ გამარჯვებულ შპს „დაგენბახ ლენდსკეიპსთან“ გაფორმდა. პროექტის პრეზენტაცია ავტორებმა, 2016 წლის 7 ივნისს, ახალციხის მერიაში გამართეს. თუმცა, აქ დღემდე ახალი ბაღი არ აუშენებიათ.

ახალციხის სამუსიკო სკოლა მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შეძენაზე, ახალციხის მერიამ ტენდერი 2019 წლის 2 თებერვალს გამოაცხადა. ხელშეკრულება 28,000 ლარზე შპს „სითი არტთან“ გაფორმდა, თუმცა სამწელიწადნახევარი ისე გავიდა, რომ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები არც დაუწყიათ.

ახალარჩეული მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამუსიკო სკოლის გადატანას ახალციხეში, რუსთაველის N124-ში გეგმავს. კულუტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში კი ხელოვნების სასახლის მსგავსი ობიექტის განთავსებას აპირებს. შესაბამისად, უკვე ნაყიდ პროექტში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო, რაც დამატებით ხარჯებს საჭიროებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ 2013 წლის 12 ნოემბერს ახალციხეში, რაბათის ისტორიული აბანოების რეაბილიტაციისთვის კვლევით-საფიქსაციო სამუშაოებსა და ესკიზური პროექტის შედგენაზე, პირდაპირი შესყიდვა შპს „იკორთასთან“ 24,990 ლარზე გააფორმა. ორი წლის შემდეგ, 2015 წლის 1 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ისტორიული კომპლექსის გაწმენდითი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ეს სამუშაოები 2013 წელს შედგენილი პროექტის ავტორებთან ერთად უნდა განხორციელებულიყო, რადგან მათ ძეგლის
რეაბილიტაციისთვის შემდგომი ეტაპის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მოემზადებინათ. ხელშეკრულება 34,182 ლარზე შპს „ჭულესთან“ გაფორმდა. მომდევნო, 2016 წლის ბიუჯეტში, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტმა, აბანოს დროებითი გადახურვის სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 38,000 ლარი გაწერა, თუმცა ეს სამუშაოები აღარ შესრულებულა.

ბოლოს, აბანოების რეაბილიტაცია, 2021 წლის გაზაფხულზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებშიც დაანონსდა. თუმცა, რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ძეგლი კი ყოველდღე ზიანდება.

2015 წლის 26 იანვარს, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მტკვრის ხეობის გასწვრივ 20 კილომეტრიან მონაკვეთზე, „ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმნშენებლობითი დოკუმენტის“ შემუშავება დაიწყო. ეკონომიკის სამინისტრომ ამისთვის პირდაპირი შესყიდვის ფორმით, 485,000 ლარზე შპს „გეოგრაფიკთან“ ხელშეკრულება გააფორმა. პროექტი 10 სოფლის (ტოლოში, ხერთვისი, ნაქალაქევი, თმოგვი, მირაშხანი, კუმურდო, გოგაშენი, აფნია, ხავეთი და დაბნია) ტერიტორიას მოიცავდა. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა შეემუშავებინათ გეგმარებითი პრინციპები, რომელსაც მუნიციპალიტეტები დაამტკიცებდნენ და ამ ტერიტორიების ტურისტული განვითარება დაიწყებოდა. თუმცა, ამ სოფლებში ტურიზმის განვითარების კუთხით ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.

იმავე, 2015 წლის აპრილში, ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულუტურული ლანდშაფტის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პირველად ინვენტარიზაციაზე, კიდევ ერთი პროექტი იყიდა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. სატენდერო ხელშეკრულება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 8,600 ლარზე გაფორმდა.

2016 წლის 4 ივნისს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასპინძაში, სოფელ ჭაჭკარში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა. ამ სოფელში 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელი და ოთხსაუკუნოვანი ვაზია შემორჩენილი. ღონისძიების გამართვიდან სამ თვეში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინჟინრულ აზრთან“ სოფელ ჭაჭკარის აზომვითი სამუშაობის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმა, რისთვისაც 29,650 ლარი გადაიხადა. ორი წლის შემდეგ, 2018 წლის 20 აპრილს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა
ჭაჭკარის განაშენიანების გეგმის შედგენაზე ისევ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც „ამხანაგობა 21“-მა 295,000 ლარით მოიგო. ექვსი წლის წინ საზეიმოდ დაანონსებული ჭაჭკარის რეაბილიტაცია ჯერაც არ დაწყებულა.

ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციისას გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის კონტექსტში, ასპინძის სოფელი საროც ახსენა, სადაც უნიკალური არქიტექტურის მქონე, ორსაუკუნოვანი მესხური, გვირგვინოვანი
დარბაზებია. ამ სახლების რეაბილიტაცია, ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს სამცხე-ჯავახეთის მაშინდელმა გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ დააანონსა და თქვა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით მათი აღდგენა 2015 წლიდან დაიწყებოდა. პროექტისთვის, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებდა, 2,000,000 ლარი იყო გამოყოფილი. საროს 40-მდე მესხური დარბაზიდან მხოლოდ რამდენიმე მათგანის ესკიზური პროექტი შედგა, რომელიც 2018 და 2020 წლებში განახლდა. მუნიციპალური განვითარების ფონდს საროს დარბაზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებიც კი დღემდე არ შეუძენია.

2019 წლის 15 თებერვალს, ბორჯომის ცენტრალური პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით კონკურსი გამოცხადდა. მთავარი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნება და განვითარება იყო. კონკურსში გამარჯვებული 5,000 ლარს მიიღებდა, მეორე ადგილზე გასული - 3,000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული - 2,000 ლარს. საკონკურსო კომისიამ და ელექტრონულმა კენჭისყრამ ორი გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი ლევან ალიბეგაშვილმა დაიკავა, მეორე კი- გიორგი ბასილაძის შედგენილმა კონცეფციამ. სამი წლის განმავლობაში ბორჯომის პარკის განახლება არ დაუწყიათ.