ფინანსები
25/03/2022

სახელმწიფო ელექტროსისტემის ₾200 მლნ-ის ევრობონდების განთავსება გადავადდა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ₾200 მლნ-ის ევრობონდების განთავსება გადავადდა. ლარში ნომინირებული ევრობონდების გამოშვებას ორგანიზაცია გასული წლის ბოლოს გეგმავდა.

კორპორაციის შეფასება გასულ წელს დასრულდა, თუმცა, ჯერჯერობით, ელექტროსისტემა მიმდინარე კორპორატიზაციის ფარგლებში, ფასიანი ქაღალდის გამოშვებას არ ჩქარობს.

„ბიზნესპარტნიორმა“ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია განვითარების რამდენიმე სტრატეგიის შერჩევის პროცესშია.

„კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. საერთაშორისო კომპანია "გალტ ენდ თაგარტის" მიერ დასრულდა კვლევა სსე-ის ფინანსური განვითარების სტრატეგიის შესახებ. სსე-ის და შესაბამისი უწყებების მიერ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განვითარების რამდენიმე სტრატეგიიდან ყველაზე ოპტიმალურის შერჩევის პროცესი, რომელზეც იქნება დამოკიდებული რა მოცულობის ფასიანი ქაღალდების და რომელ ბაზარზე გატანა იქნება შესაძლებელი“ - აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

ორგანიზაციას ევრობონდების განთავსების პროცესში „გალთ ენდ თაგარტი“ ეხმარება, რომელმაც მსოფლიო ბანკის ტენდერში გაიმარჯვა და კომპანიის შეფასებაც ჩაატარა. როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ ეტაპზე ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის არახელსაყრელი ვითარებაა - რეგიონში არსებული კონფლიქტის გამო, რისკია მომატებული ბაზარზე, ხოლო მეორე მხრივ, გაძვირებულია დოლარიც.

„დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ფასიანი ქაღალდების გამოშვება უფრო ძვირი უჯდებათ კომპანიებს, ვიდრე ეს იყო რამდენიმე თვის წინ. ის კომპანიები, რომლებიც ევრობონდების განთავსებისთვის ემზადებიან, სავარაუდოდ, ერთ-ორ თვეს კიდევ მოიცდიან და ვითარების დასტაბილურებას დაელოდებიან. მგონია, რომ ამ კომპანიას აქვს იმის პოტენციალი და შანსი, რომ როცა სიტუაცია დასტაბილურდება, მან შეძლოს ევრობონდი წარმატებით განათავსოს ბაზარზე“ - გაუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ოთარ შარიქაძემ.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პირველი სახელმწიფო საწარმოა, სადაც, კორპორაციული მართვის სისტემის შექმნის მიზნით, კორპორატიზაციის პროცესი დაიწყო. რეფორმის მიზანია დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა, რათა საწარმომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე.

Businesspartner