ფინანსები
02/08/2022

"საჯარო მოხელეთა ხელფასის წლიურად 10%-იანი მატება 5 წელში ბიუჯეტის ხარჯს ₾900 მლნ-ით გაზრდის"

საჯარო სექტორში ყოველწლიურად ხელფასის 10%-ით ზრდის შემთხვევაში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების საპროგნოზი მაჩვენებელია 2.55 მლრდ ლარი, რაც დაახლოებით 900 მლნ ლარით (55%-ით) აღემატება 2021 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს. შესაბამის კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტი ავრცელებს. 

IDFI-ის კვლევით, საჯარო სექტორში დაანონსებული ხელფასების ზრდის შედეგად, შრომის ანაზღაურების ხარჯების ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 2% ით გაიზრდება.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2021 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 301.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დაქირავებით დასაქმებულებში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილმა 2021 წელს 36%-ს მიაღწია, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

"2018-2021 წლებში, უცვლელი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად იზრდებოდა. მაგალითად, 2021 წელს წინა წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. 

2021 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 359.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც  წინა წლის მაჩვენებელს 63 მილიონი ლარით აღემატება. მსგავსი ხარჯები 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება.

2021 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 163,069 პირი, საიდანაც 50,561 (31%) წარმოადგენს შტატგარეშე მოსამსახურეს.

 2021 წელს სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების (საჯარო სკოლების გამოკლებით) მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გაწეულია 443.5 მილიონი ლარის შრომის ანაზღაურების ხარჯი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

მუნიციპალური ა(ა)იპ-ების და სახელმწიფო კომპანიების ბიუროკრატიული აპარატის შესახებ კრებსითი მონაცემები, ხელმისაწვდომია მხოლოდ 2019 წლის მდგომარეობით. ამ პერიოდში მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებული იყო 61,401 თანამშრომელი, ხოლო სახელმწიფო კომპანიებში 37,142 თანამშრომელი.

საჯარო სექტორში, 2022 წლიდან დაგეგმილი ხელფასების ზრდა მნიშვნელოვან სახელმწიფო რესურსს მოითხოვს, რაც წარმოშობს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ბიუროკრატიული ხარჯების ტვირთის ზრდის აუცილებლობას. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯების ყოველწლიური ზრდისა, კვლავ მნიშნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემის უზრუნველყოფა. IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს არაოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა, რომლის სათანადო რეფორმირების გარეშე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ხარჯების ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი საჯარო სამსახურის შენარჩუნება.

ბიუროკრატიული აპარატის არსებული ზომის შენარჩუნების პირობებში ხელისუფლების მიერ დაანონსებული  საჯარო სექტორის ხელფასების ყოველწლიური ზრდა, აჩენს ეჭვებს საჯარო სექტორის ლოიალურობის მოპოვების მცდელობასთან დაკავშირებით. ბიუროკრატიული აპარატის მონაცემების ანალიზის მიხედვით, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ების და ა(ა)იპების თანამშრომელთა არაგონივრულად მაღალი მაჩვენებლები და ამ უწყებებში დასაქმებულ პირთა ზრდის ტენდენცია. ასევე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა და მათი ანაზღაურების ყოველწლიურად მზარდი ხარჯები", - აცხადებენ IDFI-ში. 

IDFI მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორში დაგეგმილი ხელფასების ზრდით მოსალოდნელი  ბიუჯეტის ტვირთის შემსუბუქებისათვის  და  სახელფასო ზრდის სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებების გათვალისწინება:

- საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა განხორციელდეს იმ ზღვრული მოცულობით, რაც არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების ტვირთის ზრდას. მათ შორის განხილული იყოს ბიუროკრატიული აპარატის მაქსიმალური ოპტიმიზაციით, თანხების გამოთავისუფლების შესაძლებლობები.

- საჯარო სექტორში ხელფასები გაიზარდოს  შრომის ბაზრის დეტალური შესწავლით გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით და არა ყველა დასაქმებულზე თანაბარი პროპორციულობით.  აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, განხილული იყოს საბაზისო სარგოსთან ერთად,  კონკრეტული უწყებების დონეზე განსაზღვრული კოეფიციენტების / ყოველთვიური სარგოების შესატყვისი ცვლილებების  შესაძლებლობები. 

- საქართველოს ხელისუფლებამ (როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე) უზრუნველყოს ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაცია. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს  სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ების და ა(ა)იპების თანამშრომელთა არაგონივრულად მაღალ მაჩვენებლებს, ხელშეკრულებით დასაქმების არსებულ პრაქტიკას და სხვა.

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაააქტიუროს საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის და მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის მონიტორინგი,  მისი სათანადო ოპტიმიზაციის დონის მიღწევამდე.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება დაახლოებით 10%-ით, ხოლო 2026 წლის შემდეგ კერძო სექტორში ხელფასების ზრდის პროპორციულად.